მე-3 გამარჯვება - ტოჩინოშინმა ტურნირის ლიდერს დამაჯერებლად მოუგო
„ნაგოია ბაშოს“ მე-5 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ნიშიკიგი იყო, რომელიც იორიკირის ილეთით დაამარცხა და მე-3 გამარჯვება გაიფორმა.
ლევანმა ბრძოლა კარგად დაიწყო, საწყისი კონტაქტის შემდეგ, მეტოქეს სახეში მაგრად მოხვდა, რის შემდეგაც „ტოჩიმ“ ორმაგი მავაში აიღო და ნიშიკიგი დოჰიოდან გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ნიშიკიგი ტურნირზე ერთ-ერთი ლიდერი იყო და აქამდე 4-დან ოთხივე მოგება ჰქონდა, თუმცა დღეს უშანსოდ დამარცხდა.
ეს უკანასკნელი ლევანის წინააღმდეგ დოჰიოზე აქამდე 9-ჯერ გასულა. გორგაძეს მასთან დადებითი ბალანსი აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი 2020 წლის შემდეგ დამარცხებული არ ჰყავდა და ბოლო ორი შეხვედრა ნიშიკიგის სასარგებლოდ იყო დასრულებული.
ტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება, რომელსაც კარიერაში აქამდე სულ 7-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება 6-ჯერ შეძლო.