320-330 მილიონი ევრო დამატებით - ბარსა ტრანსფერებს უპრობლემოდ განახორციელებს
სატელევიზიო უფლებების გაყიდვის შედეგად, მომავალ კვირას „ბარსელონა“ დამატებით 320-330 მილიონ ევროს მიიღებს.
ამის წყალობით კატალონიური კლუბი შეძლებს რობერტ ლევანდოვსკის, რაფინია და უსმან დემბელე ოფიციალურად გაიფორმოს და წარადგინოს. ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რაფინია და დემბელე უკვე ბარსელონელები არიან და მხოლოდ მათი წარდგენა რჩება. ლევანდოვსკის ტრანსფერის დახურვამდე კი რამდენიმე დღე რჩება.
როგორც მოგეხსენებათ, „ბარსელონამ“ ადრე გადაწყვიტა გაეყიდა თავისი სატელევიზიო უფლებების 25% და სავაჭრო ბიზნესის თითქმის 50% ფინანსური მდგომარეობის გასაძლიერებლად. თავდაპირველად მოხდა 15%-იანი წილის გაყიდვა, ამჟამად კი 25% იყიდება.
ამ ფინანსური ოპერაციის შემდეგ, კატალონიელებს სატრანსფერო ბაზარზე თავისუფლად მოქმედების სრული შესაძლებლობა ექნებათ. ჩავის სასურველ მოთამაშეთა სიაში ლევანდოვკის შემდეგ ჟიულ კუნდე, მარკოს ალონსო და სესარ აზპილიკუეტა არიან.