გიორგი ჩაკვეტაძე, ბათუმის დინამო, სლოვანი
Aa
Aa

„ბათუმის დინამოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ჩაკვეტაძის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრებისა და ბრატისლავას „სლოვანის“ შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძე კლუბის პრესსამსახურთან ბათუმის „დინამოსთან“ მატჩზე და თავის ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ახალგაზრდა ფეხბურთელთან ინტერვიუ მისი დებიუტით დაიწყო:

ჩემთვის პირველი თამაში რთული იყო, რადგან გუნდთან ერთად მხოლოდ ორი დღე ვივარჯიშე. 100%-იან ფორმაში არ ვიყავი. ვფიქრობ, რომ ახლა, გუნდთან ერთად უფრო მეტი ვარჯიშის შემდეგ ჩემი თამაში წინაზე უკეთესი იქნება, ფიზიკური თვალსაზრისითაც. როდესაც ახალ გუნდში გადადიხარ, თანაგუნდელების გასაცნობად გარკვეული დრო გჭირდება. კარგად ვმუშაობ და მჯერა, რომ დღითიდღე უკეთესი ვიქნები.

ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს. თავს კარგად ვგრძნობ და ბრატისლავაც ძალიან კარგი ქალაქია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სლოვანში იმისთვის ვარ, რომ გუნდისთვის რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. ბათუმში თამაშის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობ.

სლოვანის პრესსამსახური ქართველ ფეხბურთელთან ბათუმის კლიმატურ მდგომარეობაზეც დაინტერესდა, რასაც „ჩაკვემ“ ასე უპასუხა:

კლიმატი ნორმალურად მიმაჩნია. ჩვენ მხოლოდ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და ამინდზე, ან სხვა რამეზე არ უნდა ვიფიქროთ. ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა და სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება. შეგვიძლია ამ ატმოსფეროთი ჩვენც ვისარგებლოთ. რთული დუელი იქნება და კარგად ვიცით, რომ ვინც მოიგებს, შემდეგ ეტაპზეც ის იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებულები ჩვენ ვიყოთ.

მცირე ინტერვიუს ბოლოს, ქართველმა ფეხბურთელმა მძიმე პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ახლა კი მხოლოდ მომავლისკენ იყურება:

წარსულის დაბრუნება არ მინდა, მხოლოდ წინ ვიყურები. მთავარია ჯანმრთელობა და კომუნიკაბელობა. მოუთმენლად ველი სლოვანთან ერთად მუშაობას და მჯერა, რომ ერთად ბევრის მიღწევა შეგვიძლია. ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს - ბათუმთან გამარჯვება.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბრატისლავას სლოვანსა და დინამო ბათუმს შორის სლოვაკეთში ფრედ, 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს, ბათუმი არენაზე ჩატარდება და 21:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე სლოვანს ბელგიური „გენტიდან“ იჯარის წესით შეუერთდა და ბრატისლავაში 2022/23 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება. „ჩაკვეს“ გარდა სლოვანში საქართველოს მოქმედი და ყოფილი კაპიტნები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, მთავარი მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისია, რომელიც საქართველოს ნაკრებს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები