ბურთის კონტროლი, დრიბლინგი, პასი - ხვიჩას დამატებითი ვარჯიშები
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დიმაროში იმყოფება, სადაც ახალი სეზონისთვის ემზადება. დღეს, დილის სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დარჩა და ნეაპოლელთა თავკაცთან, ლუჩიანო სპალეტისთან და მის ასისტენტთან, მარკო დომენიკინისთან ერთად ივარჯიშა.
Tuttonapoli-ს ცნობით, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება ტექნიკურ კომპონენტებზე გაამახვილა და ხვიჩა და ალესიო ძერბინი ბურთის ორივე ფეხით კონტროლში, დრიბლინგში, მეორე სართულზე ბრძოლასა და პასის გაკეთებაში ავარჯიშა. ძერბინი უშუალოდ სპალეტისთან ვარჯიშობდა, ხოლო ხვიჩა - დომენიკინისთან.
FOTO - Lavoro tecnico extra per Kvaratskhelia e Zerbin con Spalletti e il vice Domenichini https://t.co/9M6qOKSPLf
— TuttoNapoli.net (@tuttonapoli) July 11, 2022
აქვე გეტყვით, რომ დღეს, ხვიჩას შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. იმავე Tuttonapoli-ს თქმით, ხვალ, ლუჩიანო სპალეტი „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შეხვდება და იტალიელი სპეციალისტი თან ორ ფეხბურთელს იახლებს. როგორც ირკვევა, ორივე მოთამაშე „ნაპოლის“ ახალწვეული იქნება და ერთ-ერთი მათგანი „კვარა“ გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას შეძენა „პარტენოპეის“ დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ანაზღაურების სახით, წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.