ბარსელონამ გაიმარჯვა - რაფინია კამპ ნოუზე გადადის
„ლიდსის“ ფეხბურთელის, რაფინიასთვის ბრძოლაში „ბარსელონამ“ გაიმარჯვა. ბრაზილიელი შემტევის გადაბირება „ჩელსისაც“ სურდა, თუმცა კატალონიელებმა მეტოქეს აჯობეს და ამას რამდენიმე ცნობილი გამოცემა ადასტურებს.
Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ რაფინიას ტრანსფერი 63 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. 55 მილიონი სატრანსფერო თანხაა, ხოლო 8 მილიონი ბონუსებზე იქნება გათვლილი.
ფაბრიციო რომანოს მიხედვით, რაფინია თვლის, რომ მისი „კამპ ნოუზე“ გადასვლა გარდაუვალია და ყველაფერი გადაწყვეტილია. ბოლო 48 საათის განმავლობაში იგი „თეთრებს“ უბიძგებდა, „ბარსელონას“ წინადადებას მიეღოთ და მიზანს მიაღწია. „ბარსასა“ და ფეხბურთელს შორის სიტყვიერი შეთანხმება დადებულია და „ლიდსი“ ოფიციალურ წინადადებას ელოდება, რის შემდეგაც ყველაფერი გაოფიციალურდება.
აღსანიშნავია, რომ რაფინიას დამატების მიუხედავად, „ბარსელონა“ უსმან დემბელესაც შეინარჩუნებს. ესპანური პრესის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ფრანგი შემტევის კლუბში დარჩენის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ამ კვირაში უნდა ველოდოთ.