„ქარის შვილები და 1000 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი ნაპოლი" - Corriere კვარა-ლოზანო-ოსიმენის ტრიოზე
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი „ნაპოლის“ სტატიას უძღვნის და „პარტენოპეის“ შეტევის ხაზზე გვესაუბრება. Corriere dello Sport-ის თქმით, ფლანგებზე გამწესებული ლოზანო და კვარაცხელია ვიქტორ ოსიმენს თავისი სისწრაფის გამოყენების საშუალებას მისცემენ და „ნაპოლი“ 1000 კმ/სთ სიჩქარით იფრენს.
„კვარაცხელია და ლოზანო მფრინავი ფეხბურთელები არიან და შეუძლიათ, თავიანთი ცეცხლით ვიქტორ ოსიმენი გააძლიერონ. მათი წყალობით, ნიგერიელ ფეხბურთელს ტურბო ექნება და მოკლედ რომ ვთქვათ, ნაპოლი 1000 კმ/სთ სიჩქარით ივლის.
კვარაცხელია ელვისებურად სწრაფია. იგი ელვაა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე უნდა ირბინოს და ეს პოზიცია გააძლიეროს. ლოზანოს რაც შეეხება, მას წარსულში უჩვენებია, რომ როცა ყველაფერი კარგადაა, მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობა შეუძლია. ჩაკი და კვარა, ოსიმენთან ერთად, ნაპოლის ტურბოს წარმოადგენენ. სამი სპრინტერი, ქარის შვილები, რომლებსაც შეუძლიათ, კონტრშეტევებისას მეტოქეებისთვის გამანადგურებელნი გახდნენ“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დიმაროში იმყოფება, სადაც 19 ივლისამდე დარჩება და ახალი სეზონისთვის მოემზადება. ხვიჩამ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და იტალიური პრესისგან დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.