რაგბი
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება - საქართველომ იტალია დაამარცხა!

პირველად აჭარის რეგიონში - ბათუმის „დინამოს“ საშინაო არენაზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი გამართა და იტალიას უმასპინძლა. ისტორიული შეხვედრა "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 28:19 დასრულდა. საქართველომ პირველი დონის გუნდს ისტორიაში პირველად მოუგო.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის შემდეგ, იტალია ექვსი ერის და ზოგადად ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 19:13 მოიგო. „ბორჯღალოსნებმა“ სწრაფ ტემპში და ლამაზ სტილში ითამაშეს, რაც ბათუმში არსებული დიდებული გარემოს დამსახურებაც იყო. გუნდი და ტრიბუნები ერთმანეთს მუხტს გადასცემდნენ, რაც ულამაზესი სანახავი გახლდათ.

ჩვენი მხრიდან ლელოს ავტორები ალექსანდრე თოდუა და თედო აბჟანდაძე (2) გახდნენ.

იტალიამ ერთი გარდასახული ლელოთი და 2 ზუსტი ჯარიმით გვიპასუხა. საბოლოოდ პირველი ტაიმი უკეთესმა გუნდმა მოიგო.


უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელებმა შერკინებაში გვაჯობეს, რასაც ბევრი არ ელოდა.

მეორე ტაიმში გუნდებმა კარში თითოჯერ დაარტყეს და ანგარიში 22:16 გახდა.

71-ე წუთზე გელა აფრასიძემ საკმაოდ შორეული მანძილიდან ბრწყინვალე დარტყმა განახორციელა და „ბორჯღალოსნები“ 9 ქულით დააწინაურა, რაც ნიშნავდა იმას, რომ საქართველო წინ ერთ გარდასახულ ლელოზე მეტით გავიდა. ეს კი გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

თუმცა 73-ე წუთზე იტალიელებმა ჯარიმითვე გვიპასუხეს და ჩვენი უპირატესობა 6 ქულამდე დაიყვანეს.

79-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა და 28:19 დავწინაურდით. 9 ქულიანი უპირატესობა 2 წუთით ადრე გადამწყვეტი გამოდგა და იტალია დავამარცხეთ!


შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ ზაფხულის ტესტების დასკვნით შეხვედრას 16 ივლისს ქუთაისში „აია არენაზე“ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში 21-ე დიდი სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეშვიდედ მოიგო!
კარიერაში 21-ე დიდი სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეშვიდედ მოიგო!