კირიოსი VS ჯოკოვიჩი - მატჩის წინ
2022 წლის უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ნიკ კირიოსი უპირისპირდებიან. ავსტრალიელი ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში პირველად გავიდა, ხოლო „ნოლე“ 32-ედ.
ჯოკოვიჩი
სერბ ვარსკვლავს უიმბლდონი 6-ჯერ აქვს მოგებული და მისთვის ასეთ სიტუაციაში ყოფნა უცხო არ არის. ნოვაკმა ფინალამდე ისეთი ჩოგბურთელები გამოთიშა ასპარეზობას, როგორებიც სუნ კვონი, კოკინაკისი, კეჩმანოვიჩ, რაიტჰოვენი, იანიკ სინერი და კამერუნ ნორი არიან. ყველაზე მეტად ჯოკოვიჩს სინერთან გაუჭირდა. ნოვაკმა მატჩი 0:2-დან შემოატრიალა.
რა თქვა ნოლემ მატჩის წინ?
„ცნობილია, რომ მე და ნიკს კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონდა, მაგრამ მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ, ყველაფერი შედარებით გამოსწორდა. როდესაც ავსტრალიაში არ შემიშვეს, კირიოსი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარი დამიჭირა და გვერდში დამიდგა. ამ ჟესტს ვაფასებ და ნიკს პატივს ვცემ. ფინალში გასვლას ვულოცავ. მან ურთულესი გზა გაიარა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, რთული შეხვედრა მელოდება."
კირიოსი
როგორც უკვე მოგახსენეთ, ავსტრალიელი ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში პირველად გავიდა. კირიოსმა ფინალამდე ისეთ მოთამაშეებს მოუგო, როგორებიც პოლ ჯუბი, კრაინოვიჩი, სტეფანოს ციციპასი, ნაკაშიმა და კრისტიან გარინი არიან. ნახევარფინალში კირიოსმა დაისვენა, რადგან ნადალი უიმბლდონს ტრავმის გამო მოეხსნა.
რა თქვა კირიოსმა მატჩის წინ ?
„ჩვენ შედარებით კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ეს ცოტა უცნაურია. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ჩემსა და ჯოკოვიჩს შორის სიყვარული არასდროს ყოფილა. ეს ჯანსაღი კონკურენციაა და სპორტს უხდება. ჩვენი დაპირისპირების დროს ყოველთვის დიდი აჟიოტაჟია. ნოვაკს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ისტორიის დაწერას და პირველი დიდი სლემის ტურნირის მოგებას ვეცდები."
ურთიერთშეხვედრები
ჯოკოვიჩი და კირიოსი კარიერაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი ავსტრალიელმა მოიგო. პირველად ეს 2017 წელს აკაპულკოს მეოთხედფინალში მოხდა, სადაც ნიკმა ორ სეტში გაიმარჯვა, ხოლო მეორედ ასევე 2017 წელს ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალში - 2:0 კირიოსის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ფინალი 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.