ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„აწმყოსა და მომავლის ტალანტი" - Calciomercato-ს საინტერესო სტატია ხვიჩაზე

გავლენიანი Calciomercato ხვიჩა კვარაცხელიას სტატიას უძღვნის სათაურით - „კვარაცხელია, ნაპოლის აწმყოსა და მომავლის ტალანტი“. მისი ავტორის თქმით, ქართველ ახალგაზრდას მძიმე მემკვიდრეობა ერგო და მოუწევს, ისეთი ფეხბურთელი შეცვალოს, როგორიც „ნაპოლისთვის“ ლორენცო ინსინიე იყო.

„დე ლაურენტისმა საქართველოს სატრანსფერო ბაზარზე გაამახვილა ყურადღება და ხვიჩა კვარაცხელია ახალი შემტევია, რომელიც სპალეტის განკარგულებაში იქნება. ტოსკანელი მთავარი მწვრთნელის საჭადრაკო დაფაზე ის ლორენცო ინსინიეს ჩაანაცვლებს, რომელიც ტორონტოში გადავიდა. ქართველ ფეხბურთელს მძიმე მემკვიდრეობა ერგო და მისი ამოცანა ნაპოლის ქომაგების გულის მოგება იქნება. იგი დინამო ბათუმიდან გადმოვიდა, სადაც მარტიდან მოყოლებული, მონაწილეობა 11 შეხვედრაში მიიღო და 8 გოლი გაიტანა.

დინამო თბილისის ახალგაზრდულ გუნდებში აღზრდილ კვარაცხელიას რუსთავის, მოსკოვის ლოკომოტივისა და ყაზანის რუბინის რიგებში უასპარეზია. იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს და 17 შეხვედრაში გატანილი 8 გოლი ყველაფერზე მეტყველებს. ამ 8 გოლიდან 3 მან ბოლო სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას შეაგდო. რამდენიმე დღის განმავლობაში, ხვიჩა დიმაროში დარჩება, სადაც სპალეტიზე იქნება დამოკიდებული, ამ ახალგაზრდა და უცნობი ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღება. ტოსკანელ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ მომდევნო სეზონის ბოლოს ყველას ეცოდინება, ხვიჩა კვარაცხელია რეალურად რას წარმოადგენს და ყველა დაინახავს იმ საფეხბურთო თვისებებს, რომელთა გამოც, ნაპოლიმ მასზე ამხელა ფსონის გაკეთება გადაწყვიტა.

ნაპოლი ინსინიეს დაემშვიდობა, აპირებს, მერტენსს დაემშვიდობოს და კიდევ ბევრი ფეხბურთელის მომავალია გასარკვევი, რომელთა შორის კულიბალი და ფაბიან რუისიც არიან. რაც არ უნდა მოხდეს, ეს რევოლუცია იქნება და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეეცდება, პარტენოპეის ახალ კურსზე თავისი გავლენა მოახდინოს. ნაპოლის მომდევნო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასაც უკავშირდება. იგი მზადაა, გაიბრწყინოს და ახალ ნაპოლის ფრენაში დაეხმაროს, ამას კი გააკეთებს იმ როლში და იმ ქალაქში, რომელიც ოდესღაც ლორენცო ინსინიეს ეკუთვნოდა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დიმაროში გაემგზავრა და იქ 19 ივლისამდე დარჩება. „პარტენოპეი“ ახალი სეზონისთვის მოემზადება და ხვიჩა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველია და მასზე ბევრს ამიტომ არ საუბრობენ
„ქართველია და მასზე ბევრს ამიტომ არ საუბრობენ" - ბონეკი ხვიჩაზე