მამარდაშვილმა დილის ვარჯიში გამოტოვა - მას მადრიდში გამგზავრება მოუწია
„ვალენსია“ ახალი სეზონისთვის ემზადება და კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩანიშნა. El Desmarque-ის ინფორმაციით, 30 ივლისს, „ღამურები“ „ნოტინგემ ფორესტს“ დაუპირისპირდებიან და მატჩი „მიდოუ ლეინ სთედიუმზე“ გაიმართება.
დღეს, „ჩეს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ დილის ვარჯიში გამართა, რომელიც უროშ რაჩიჩმა და გიორგი მამარდაშვილმა გამოტოვეს. ესპანური გამოცემის მიხედვით, ისინი იძულებული გახდნენ, მადრიდში გამგზავრებულიყვნენ, რათა ოფიციალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული დეტალები მოეგვარებინათ.
„დღეს დილით გამართულ ვარჯიშზე ვალენსიას ორი ფეხბურთელი აკლდა. ბრექსიტის შემდეგ, სერბეთისა და საქართველოს მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. გამომდინარე აქედან, გატუზომ თავისი ნახევარმცველი და მეკარე დაკარგა, თუმცა ივლისის ბოლოს მათი იმედი ექნება“, - წერს ესპანური გამოცემა.
ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, მამარდაშვილი და რაჩიჩი გუნდში დღეს ან ხვალ დაბრუნდებიან. გატუზოს ორმაგი სავარჯიშო სესია ხვალაც ჩანიშნული აქვს და დღეს თუ არა, გიორგი გუნდთან ერთად, ხვალ ნამდვილად ივარჯიშებს. გეტყვით იმასაც, რომ „ნოტინგემ ფორესტამდე“ „ვალენსია“ „დორტმუნდსა“ და „შტუტგარტს“ დაუპირისპირდება, მანამდე კი შვეიცარიაში ითამაშებს და მისი მეტოქის ვინაობა მალე გაირკვევა.