იბერია 1999, ლაშა ნოზაძე, იური ტაბატაძე
Aa
Aa

„წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ - საბურთალოს პრესკონფერენცია პარტიზანთან მატჩამდე

ხვალ, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „საბურთალო“ ტირანას „პარტიზანს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ და გუნდის ვიცე-კაპიტანმა, იური ტაბატაძემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლაშა ნოზაძე:

ყველა გუნდს წარმატებას ვუსურვებ. 2 რიცხვიდან გუნდი ინტენსიურად ემზადება ამ თამაშისთვის. პარტიზანი ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია, თავის ჩემპიონატში ბევრი წარმატება აქვს, თუმცა ჩვენც ჩვენი მიზნები გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ ის ფეხბურთელები რომლებიც გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ორი მატჩის ჯამში წარმატებას მიაღწიონ და ეს წარმატება მომდევნო ეტაპზე გასვლა იქნება.

ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის. ახლახან დაგვიბრუნდნენ საბურთალოს აღზრდილი ფეხბურთელები და ყველა მაქსიმალური დატვირთვით ემზადება თამაშისთვის.

პირველ თამაშს სახლში რომ ვთამაშობთ, არ ნიშნავს, რომ მეტოქეს ამით უპირატესობა აქვს.

გაგრასთან ბოლო თამაში გავაანალიზეთ და ვფიქრობთ, რომ მეტოქემ ორი ქულა მოიპოვა და ჩვენ პირიქით დავკარგეთ. 3:1 ვიგებდით და ბოლო წუთებში კონცენტრაციის ნაკლებობამ იჩინა. წინა ტურში გორში, ტალახში მოგვიწია თამაში და შეიძლება ითქვას, რომ დაღლილობამაც იჩინა თავი. ეს შეცდომები მაქსიმალურად გავაანალიზეთ.

ხვალინდელ თამაშამდე გაძლიერება გვინდოდა. იყო მოლაპარაკება ორ უკრაინელ ფეხბურთელთან, მაგრამ მათი ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. მიდის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება და იმედია პირველი ეტაპის შემდეგ დაგვემატებიან.

მეტოქემ 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელიც გახდა. მათი თამაში კარგად გავაანალიზეთ. ძალისმიერი გუნდია და მაღალ პრესინგს არ თამაშობენ, უყვართ კონტრშეტევები. ჩვენც ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში შევთავაზოთ.

გოშთელიანი ეროვნულ ლიგაში თამაშობდა და მისით კმაყოფილი ვარ. ჯინჯოლავას გარკვეული პერიოდი გაუცდა აქ ჩამოსვლამდე, მაგრამ ეს დრო აღმოიფხვრა. ხვალინდელ განაცხადში ორივე იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდის მჯერა.

იური ტაბატაძე:

გუნდი მაქსიმალურად ემზადება, ყველაფერს ვაკეთებთ რასაც მწვრთნელები გვავალებენ და იმედია ყველაფერი წარმატებულად დასრულდება. მეტოქე ტრადიციული გუნდია და საკმაოდ ძლიერიცაა, რომელსაც ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. თავდაჯერება არ დაგვიკარგავს, გუნდი თავდაჯერებულია და ეს ხვალინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები