გურამ კაშია
Aa
Aa

„ვლოცულობდი, ხვიჩა ნაპოლიში წასულიყო და ჩვენთან არ ეთამაშა" - კაშიას ვრცელი ინტერვიუ

საქართველოს ნაკრებისა და „სლოვანის“ ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ სლოვაკურ გამოცემას, sport.aktuality.sk-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და „დინამო ბათუმთან“ ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„როგორ მოემზადა გუნდი ახალი სეზონისთვის და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი დაპირისპირებისთვის?“

„შესანიშნავი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და წინ კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, სხვა გზა უბრალოდ არ გაგვაჩნია. ახალ სეზონს მოუთმენლად ველი. სლოვანის თითოეული ფეხბურთელი ხვდება, რომ ევროპულ ასპარეზზე წარმატების მიღწევა გვჭირდება, რათა ამ კლუბისა და ქომაგების ამბიციები გავამართლოთ. ბუნებრივია, ეს წნეხიცაა, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდეთ“.

„როცა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, გაგიხარდა, რომ სლოვანს მეტოქედ ქართული კლუბი ერგო?“

„სიმართლე გითხრათ, არა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ დინამო ბათუმი ძალიან კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც გაგვიჭირდება. გარდა ამისა, ჩვენი მეტოქე ქართული კლუბია და მათ ყოველთვის ვქომაგობ, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ. ასე რომ, ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, ეს მეტოქე რომ გვერგო. დინამო ბათუმმა ბოლო პერიოდში საოცარ პროგრესს მიაღწია და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს წარმატების მოპოვებაში დავეხმარო“.

„დინამო ბათუმი სლოვაკეთში არც თუ ისე ცნობილი კლუბია. შარშან, ისინი ჩემპიონები გახდნენ და მათ შესახებ რის თქმა შეგიძლია?“

„დინამო არის ქალაქიდან, სადაც ფეხბურთი ძალიან პოპულარულია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ გუნდს რეგულარული პროგრესი ჰქონდა, რაც ჩემპიონობის მოპოვებით დასრულდა. კლუბმა 20 000-კაციანი სტადიონი ააშენა, რომელიც ყველა თამაშისას, სულერთია ადგილობრივი ჩემპიონატია თუ ევროტურნირები, ივსება და დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი ჩემი მეგობარი, ლადო დვალიშვილია“.

„დინამო ბათუმს ძლიერი მფლობელი ჰყავს? თუ როგორ ახერხებს საუკეთესო ფეხბურთელების გაფორმებას?“

„კლუბის მფლობელს კარგად ვიცნობ. მას ფეხბურთი და ქალაქი ძალიან უყვარს. იგი სწორ ინვესტიციებს ახორციელებს და მისი კლუბი სისტემატურად პროგრესირებს. იგი ცნობილ ფეხბურთელებზე არაა ორიენტირებული, თუმცა მისი სკაუტინგის დეპარტამენტი შესანიშნავად მუშაობს. დინამო ბათუმს რამდენიმე შესანიშნავი ლეგიონერი ჰყავს. მაგალითად, ფლამარიონი. გარდა ამისა, ბათუმელებს მოედნის ცენტრში რამდენიმე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ჰყავთ“.

„გია გეგუჩაძეს იცნობთ?“

„ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი, როცა იგი დინამო თბილისს წვრთნიდა. მაშინ ბ გუნდში ვასპარეზობდი და ერთად მუშაობა მოგვიწია. გეგუჩაძე ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია, რომლის მთავარი იარაღიც ტაქტიკური მხარეა. მას სანახაობრივი ფეხბურთი მოსწონს და აქცენტს შეტევებსა და ბურთის ფლობაზე აკეთებს. ახლა მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ სტილით თამაშში დაეხმარებიან“.

„ფეხბურთელებზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე სახიფათო ვინაა?“

„რა თქმა უნდა, ჯაბა ჯიღაური. იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მის გარდა, დავითაშვილიც შეგვიძლია, გამოვარჩიოთ, რომელმაც საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. დინამო ბათუმის დაცვაში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს: მარცხენა მცველი აზაროვი, მარჯვენა მცველი ჩაბრაძე, ცენტრალური მცველი კობახიძე. სხვების დასახელებაც შეიძლება და დინამო ბათუმი ძალიან გამოცდილი გუნდია. თითოეულ პოზიციაზე მაღალი დონის ფეხბურთელი ასპარეზობს და ისინი ბრწყინვალე ბალანსს ქმნიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დინამო ბათუმი სლოვანზე უკეთესი გუნდია. ჩვენც შესანიშნავი გუნდი გვყავს“.

„ე.ი ეს დაპირისპირება ორივე გუნდისთვის ურთულესი იქნება ხომ?“

„დიახ, ამაზე ორი აზრი არაა. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, მომდევნო ეტაპზე გავალთ, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება. პროგნოზების გაკეთება კარგად არ გამომდის, მაგრამ მჯერა, უფრო მეტი შანსი გვაქვს, ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა განვაგრძოთ“.

„სლოვანისთვის კარგი ამბავია ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში რომ გადავიდა და ამ დაპირისპირებას გამოტოვებს?“

„ვლოცულობდი, რომ ნაპოლიში გადასულიყო და ჩვენი დაპირისპირება გამოეტოვებინა. იგი შესანიშნავი ტალანტია. მარცხენა გარემარბი, რომელიც ბურთით საოცრებებს აკეთებს. ვინმესთან შედარება რომ მთხოვოთ, მას ვლადო ვაისს შევადარებდი. არ მინდა, ვთქვა, რომ ხვიჩა უკეთესია, მაგრამ ახალგაზრდა ნამდვილადაა“.

„როგორ ფიქრობ, პირველი მატჩი როგორი იქნება“?

„ტაქტიკას მწვრთნელები აირჩევენ და ვნახოთ, რა მოხდება. სტუმრები პირველივე წუთიდან აგრესიულად ალბათ არ ითამაშებენ და მომენტებს დაელოდებიან. ჩვენი გამოცდილება მთლიანად უნდა გამოვიყენოთ და ამ კითხვაზე უკეთ პირველი მატჩის დაწყებიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ უკეთ გიპასუხებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS ვალენსიას გეგმებზე წერს - ღამურებმა შესაძლოა ვეტერანი მეკარე დაიმატონ
AS ვალენსიას გეგმებზე წერს - ღამურებმა შესაძლოა ვეტერანი მეკარე დაიმატონ