მოდრიჩის ღირსეული ჟესტი - ლუკამ უკრაინელი ბიჭუნა გააბედნიერა
დონეცკის „შახტარი“ უკრაინაში მიმდინარე ომისგან დაზარალებული ბავშვების დახმარებას განაგრძობს. აპრილში, დონეცკელებმა საქველმოქმედო ტურნე, Shakhtar Global Tour for Peace წამოიწყეს და 12 წლის ბიჭუნა გააბედნიერეს, რომელიც ომს გამოექცა. მან „შახტარის“ რიგებში ითამაშა და 95-ე წუთზე, „ლეგიას“ გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა.
ამჯერად, „შახტარმა“ 6 წლის ილია კოსტუშევიჩი გააბედნიერა. იგი მარიუპოლში გაიზარდა და ომის გამო, ორივე მშობელი დაკარგა. ილია კლუბის დირექტორს, დარიო სრნას შეხვდა, ვისი დახმარებითაც, „რეალის“ ფეხბურთელს, ლუკა მოდრიჩს გაესაუბრა.
6 წლის ბიჭუნასა და მოდრიჩს შორის ვიდეოზარი შედგა და ხორვატმა ფეხბურთელმა ილიას დაუვიწყარი წუთები აჩუქა. სხვათა შორის, ლუკასთვის ადრეულ ასაკში საყვარელი ადამიანების დაკარგვა ნაცნობი შეგრძნებაა. მას იუგოსლავიის კონფლიქტი აქვს გამოვლილი და როცა 6 წლის იყო, მისი ბაბუა მოკლეს.
მოდრიჩის ოჯახს საცხოვრებელი სახლის მიტოვება და სხვა ქალაქში გაქცევა მოუწია, სადაც ისინი დანგრევის პირას მიყვანილ სასტუმროებში ცხოვრობდნენ... ლუკას მამის ხელფასისი დიდი ნაწილი დროებით საცხოვრებელში და შვილის ფეხბურთზე ტარების საფასურში მიდიოდა, დანარჩენი კი საკმარისი იყო, რომ 4-სულიანი ოჯახი შეენახა.