„ნახეთ მისი სპექტაკლი რუსეთის 17-წლამდე ნაკრებთან?“ - იტალიაში ხვიჩას წარსულს სწავლობენ
1 ივლისს, „ნაპოლის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლური გუნდის ღირსებას დაიცავს.
21 წლის ფეხბურთელის დებიუტს იტალიური პრესა მოუთმენლად ელის და მასზე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში არაერთი სტატია იწერება, სადაც განხილულია „კვარას“ ძლიერი მხარეები და საფეხბურთო ნიჭი.
ერთ-ერთი ბოლო სააგენტო, რომელმაც ქართველ ფეხბურთელზე დაწერა NapoliPiu.com-ია. ჟურნალისტი ხვიჩას წარსულს, კერძოდ კი საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში გატარებულ პერიოდს იხსენებს. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში წევრობის დროს, კვარაცხელიამ რუსეთის 17-წლამდე ნაკრებთან ეფექტური ეპიზოდი შემოგვთავაზა, რომელიც იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
რას წერს NapoliPiu:
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალი შენაძენია. აურელიო დე ლაურენტისმა და კრისტიანო ჯუნტოლიმ მოლაპარაკებები საიდუმლოდ ჩაატარეს და გააფორმეს გარიგება, რომელიც შესაძლოა მართლაც მნიშვნელოვანი იყოს. კვარაცხელიამ ერთა ლიგაზეც აჩვენა, რომ ის საერთაშორისო ასპარეზზეც კი შეიძლება მომაკვდინებელი იყოს როგორც საკუთარი გოლებით, ისე თამაშით. ქართველი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის ბრძანებით სერია A-ში დებიუტისთვის მზად იქნება, რომელიც 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ შედგება.
კვარაცხელიას ლურჯ მაისურში გამოჩენას ყველა დიდი ცნობისმოყვარეობით ველოდებით. მანამდე, შეგიძლიათ დააკვირდეთ ნიჭს, რომელიც მან ჯერ კიდევ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში გამოავლინა. საქართველოსა და რუსეთის 17-წლამდე ნაკრებების მატჩის ვიდეოში ვხედავთ, რომ კვარაცხელია ჯერ სამ მეტოქეს შორის მიმართავს დრიბლინგს ისე, რომ ბურთზე შეხებას ვერავინ ახერხებს, შემდეგ კი კიდევ ერთი ბრწყინვალე მოქმედებით ახერხებს მეკარის ახლო კუთხეში მარცხენა ფეხით გოლის გატანას. ახალგაზრდა კვარაცხელიას სპექტაკლები გვიჩვენებს, თუ როგორ არის ეს ბიჭი დაჯილდოებული ბუნებრივი ნიჭით. დროთა განმავლობაში ის გაიზარდა, ფიზიკურადაც გაძლიერდა და თავისი ნიჭი კიდევ უფრო დახვეწა.
???????????? Some of you may be familiar with the clip of a 16yo Khvicha Kvaratskhelia toying with 3 Russian U17 defenders to score a beautiful solo-goal.⚽️
— Georgian Footy (@GeorgianFooty) July 2, 2022
He might've been a skinny teenager with not the best body language, but he had star potential written all over his game.⭐️ pic.twitter.com/8KumpEP1Di
ცხადია, იტალიურ ფეხბურთთან და ლუჩიანო სპალეტის ფილოსოფიასთან შეგუებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ თუ მოთამაშე ძლიერია, მაშინ ამ სირთულეების გადალახვას შეძლებს. ტექნიკის თვალსაზრისით, ქართველი ფეხბურთელი მართლაც უზარმაზარ ნიჭს ავლენს.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც დაახლოებით 5 მილიონ ევრომდე ბონუსებიც დაემატება. კვარამ ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.