დინამო ბათუმი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, სლოვანი
Aa
Aa

რა ვიცით და როგორი გუნდია კარგად ნაცნობი მწვრთნელისა და ფეხბურთელების სლოვანი

დინამო ბათუმის ევროპული მოგზაურობა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, 6 ივლისიდან დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონი ჩვენს ქვეყანას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისტორიაში პირველად წარადგენს. სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) იყო, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020), თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.

შეიძლება ითქვას, რომ გია გეგუჩაძის გუნდს საკმაოდ მძიმე მატჩები ელის, რადგან მეორე მხარეს სლოვაკეთში ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი საფეხბურთო გუნდი - სლოვანია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები - ჯაბა კანკავა და გურამ კაშიან ლიდერობენ, მთავარი მწვრთნელი კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვლადიმირ ვაისია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლის 14 მარტიდან 2020 წლის 16 ნოემბრამდე წვრთნიდა და მასთან საკმაოდ ბევრი მოგონება გვაკავშირებს.

სლოვაკმა სპეციალისტმა ჩვენს გუნდთან ერთად ჯამში 47 შეხვედრა გამართა, მათ შორის, ერთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩები და მისთვის უცხო არც საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და ქართული გუნდებია, ვინაიდან, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვაისი რანგით უმაღლესი ლიგის მატჩებზეც შეხვდებოდით.

ვლადიმირ ვაისი სლოვანს სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდეგ შეუერთდა. არსებობის მანძილზე სლოვანმა 31 ტიტულის მოპოვება შეძლო, ისტორიის გარკვეული და უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი კი სწორედ ვლადიმირ ვაისთან ერთად, აწმყოს გარდა, წარსულშიც დაწერა: 2011-12 წლის სეზონში სლოვანი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე გახდა, სადაც მეტოქეობა ბილბაოს, პსჟ-სა და ზალცბურგს გაუწია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წელს, უშუალოდ ვაისის სლოვაკეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. 

ამ ეტაპზე სლოვანის 36-კაციან განაცხადში 27 ლეგიონერია, მათ შორის: ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. საქართველოში მუშაობის პერიოდში ვაისი პრესკონფერენციებზე ორივე ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, შესაბამისად, სლოვაკეთში მათი ტრანსფერები შემთხვევითი სულაც არ არის.

საქართველოს ნაკრების დატოვებისა და სლოვანში გადავლის შემდეგ, ვაისმა აღნიშნულ გუნდთან ერთად 56 მატჩი ჩაატარა, მათ შორის: 34 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა, 8 მატჩში კი დამარცხდა, ვაისის გაწვრთნილმა სლოვანმა 117 გოლი გაიტანა, 49 კი გაუშვა, რითაც  სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა. ეს სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში  აბსოლუტური რეკორდია.

ვლადიმირ ვაისის საყვარელი ფორმაცია 4-2-3-1-ია, რომლითაც სლოვანს ათამაშებს და სლოვაკეთში დაბრუნებამდე, საქართველოს ნაკრებშიც სწორედ ამ ფორმაციის ერთგული იყო.

ევროტურნირებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაისისა და სლოვანის ურთიერთობა სრუდებოდა. სლოვაკური მედია წერდა, რომ გამოცდილი სპეციალისტი პოსტს ტოვებდა, ინფორმაცია კლუბმაც დაადასტურა, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა, სლოვანმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვაისი გუნდში მუშაობას აგრძელებდა.

თავის მხრივ, დინამო ბათუმის წარმატებაც გია გეგუჩაძეს უკავშირდება. 2018 წლის თებერვლიდან ამ დრომდე, გია გეგუჩაძემ დინამო ბათუმთან ერთად ჯამურად 125 შეხვედრა გამართა: 73 მოიგო, 31 ფრედ დაასრულა, 21 მატჩში კი დამარცხდა, გასულ სეზონში დინამო ბათუმთან  ერთად ქვეყნის საუკეთესოს წოდება კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა და აჭარას უდიდესი სიხარული აჩუქა.

ვაისის მსგავსად, სხვა წარმატება გეგუჩაძესაც აქვს: 2004-05 წლების სეზონში 39 წლის გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა დინამო თბილისმა UEFA-ს თასის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ბორისოვის ბატეს, პრაღის სლავიასა და კრაკოვის ვისლას დამარცხებით ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, რაც დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი

 სლოვაკი სპეციალისტის შვილსაც იდენტური სახელი აქვს, ისიც ვლადიმირ ვაისია და მისი ცხოვრებაც სლოვანს უკავშირდება. 32 წლის მარცხენა ფლანგელს მამა წვრთნის, სლოვანში კი უშუალოდ 2020 წლის თებერვლიდან ირიცხება. ვლადიმირ ვაისი უცროსისთვის არც სლოვაკეთის ნაკრებია უცხო, ეროვნული გუნდის მაისურით 74 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 7 გოლია. საბოლოო ჯამში, სლოვანში ეროვნული ნაკრების 10 ფეხბურთელი ირიცხება და ერთ-ერთი სწორედ სლოვაკი სპეციალისტის შვილია.

✅ გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, სლოვანის ჯამური ღირებულება 19.50 მილიონი ევროა, რაც დინამო ბათუმის მაჩვენებელზე  ორჯერ მეტია - 9.92 მილიონი ევრო. დინამო ბათუმის ჯამურმა ღირებულებამ მკვეთრად მას შემდეგ იკლო, როდესაც დინამო ბათუმი ხვიჩა კვარაცხელიამ  (15 მილიონი €) დატოვა და იტალიის სერია ა-ს ნაპოლის შეუერთდა.

✅ სლოვაკეთში ახალი საფეხბურთო სეზონის განახლებას 16 ივლისიდან ელიან, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კი 20 ტურია გასული. 47 ქულით გათამაშების ლიდერი დინამო ბათუმია, რომელმაც მეორე პოზიციაზე მყოფი დინამო თბილისი 9 ქულით ჩამოიტოვა.

✅ სლოვანის საშინაო, ბრატისლავის ტეჰელნე პოლეს არენა 22,500 გულშემატკივარს იტევს, 2019 წელს გაიხსნა და მთლიანად ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. სტადიონზე ანშლაგი გახსნის მატჩშივე შედგა, რომელიც სპარტაკ ტრნავას წინააღმდეგ გაიმართა. ახლახანს, ევროტურნირების წინ, კლუბის მენეჯმენტმა სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარა.

✅ დინამო ბათუმი სლოვაკეთის ჩემპიონის წინააღმდეგ პირველ შეხვედრას 6 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათიდან გამართავს, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 13 ივლისს, 21:00 სააითიდან, ბათუმში შედგება. 6 ივლისს, ბრატისლავის ტეჰელნე პოლეს არენაზე, ინგლისელი არბიტრები იმსაჯებენ. მთავარ გადაწყვეტილებებს დევიდ ქუტი მიიღებს, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობია, მას ასისტენტობას იან ჰასენი და ნიკ ჰოპტონი გაუწევენ, მე-4 არბიტრის ფუნქციას კი ჯონ ბრუკსი შეითავსებს.

ინგლისის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში 39 წლის დევიდ ქუტი მთავარი არბიტრის რანგში 20 მატჩში გამოჩნდა, 90 ყვითელი, 1 წითელი ბარათი ბარათი გამოიყენა და 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

საბოლოო ჯამში, მისი კარიერა 391 შეხვედრას ითვლის, მათ შორის: 1 351 ყვითელ და 28 წითელ ბარათს. სხვადასხვა დროს მან პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება 89-ჯერ მიიღო.

✅ ბრატისლავაში სლოვანი - დინამო ბათუმის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს. მსურველს სხვადასხვა კატეგორიის ბილეთების შეძენა: 8-10-12-14-20-130 და 200 ევროდ შეუძლია.

6 და 13 ივლისს, სლოვანისა და დინამო ბათუმის ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს CrystalSport-ის ,,საგოლე გადაცემის" წამყვანები და კომენტატორები: ნოდარ სიმსივე და ირაკლი ფოფხაძე გაუძღვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი"