რაფაელ ნადალი, მარია ფრანცისკა
Aa
Aa

იდუმალი და მორცხვი - ნადალის მეუღლე, რომელიც მხოლოდ ბიძამისს ეკონტაქტება

„ეს სრული სისულელეა“ - ალბათ ყველაზე გაღიზიანებული ნადალის პასუხი მთელი მისი კარიერის განმავლობაში.. „მატადორს“ 2019 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წაგება საქორწილო სამზადისის გამო დააბრალეს..

„ამ კითხვას სერიოზულად მისვამ? თუ ხუმრობ? ძალიან მიკვირს ეს კითხვა, რადგან მე ერთ ადამიანთან ურთიერთობაში უკვე 15 წელია ვარ და რა მნიშვნელობა აქვს თითზე ბეჭედი მიკეთია თუ არა?“

- ნადალი

22 დიდი სლემის მფლობელი პირად ცხოვრება თითქმის არასდროს საუბრობს. ეს ახალი არავისთვის არის. მისი ოჯახის წევრებიც ასე იქცევიან. მაგალითად, როდესაც რაფაელის დამ მარიბელმა უნივერსიტეტში ჩააბარა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაიგეს, რომ ის ლეგენდარული ესპანელის და იყო..

აქედან გამომდინარე, ნადალის ცოლზე მარია ფრანცისკას შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ვიცით, რომ წყვილი ერთმანეთს 2005 წლიდან ხვდება და დღეს შვილს ელოდებიან. ასევე ცნობილია, რომ მათ ერთმანეთი მანაკორში გაიცნეს. მარიამ მენეჯმენტის და ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ სადაზღვეო კომპანია „მაფრიში“ მუშაობდა.

ზოგადად ბევრი საუბარი არც მარიას უყვარს. 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ის რაფაელის სამწვრთნელო შტაბს არასდროს ესაუბრება. მედიის წარმომადგენლებს კი გამუდმებით ერთ რამეს პასუხობს: „სათქმელი არაფერი მაქვს“

მარიას მსოფლიოში ზედმეტსახელი „ჰისკათი“ იცნობენ. ეს მეტსახელი საკმაოდ კომიკურად წარმოიშვა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფრანცისკას ნაცვლად, ჰისკა დაუძახა და იქ იმ მომენტში არავინ იყო, რომ გვარი სწორად ეკარნახა. ასე შერჩა „ჰისკა“ მარიას.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ფრანცისკას სხვებზე ხშირად ესაუბრა რაფაელის ბიძა ტონი ნადალია. რეალურად ტონი გახდა პირველი, ვინც ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მატადორს“ შეყვარებული ჰყავდა. ეს ყველაფერი 2008 წელს მოხდა.

2011 წელს ესპანელი ჩოგბურთელის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოქვეყნდა. მისი მეუღლე კი დაახლოებით 20-ჯერ არის ნახსენები და მხოლოდ ერთ ეპიზოდშია მასზე შედარებით მეტი საუბარი:

„მის შესახებ ყველამ კარგად იცის. მარია ელეგანტურია და მოკრძალებულად გამოიყურება. აქედან გამომდინარე მედია საშუალებები მასზე ამბობენ, რომ სერიოზული, თავშეკავებული ან მორცხვია. სხვათაშორის მას იდუმალსაც ეძახიან. მარია სტერეოტიპებისგან ძალიან შორს არის და სხვა მდიდარი სპორტსმენების ცოლებს არ ჰგავს.“

სინამდვილეში მარია რაფაელის ყველა წარმატებას და წარუმატებლობას, როგორც თავისას ისე აღიქვამს, მაგრამ არ უნდა, რომ ხალხმა ამით განსაზღვროს. მას თავისი ბიზნესი აქვს და უმეტეს დროს მალიორკაში ატარებს. აქედან გამომდინარე, ფრანცისკა ნადალს ყველა ტურნირზე ვერ მიყვება.

„ეს არ იქნება სასარგებლო არც მისთვის და არც ჩემთვის. რაფას პირადი სივრცე სჭირდება, როდესაც ის ტურნირზეა. მე რომ ყველგან გავყვე, ლოდინით დავიღლები და ეს ჩვენი ურთიერთობისთვის დამთრგუნველი და საზიანო იქნებოდა“

- ამბობს მარია

რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში მარია ფრანცისკა თავის საყვარელ ადამიანს არაერთ ტურნირზე გაჰყოლია, მაგრამ ყოველთვის თავშეკავებულად იქცეოდა და გამოჩენა დიდად არ უყვარდა. მაგალითად, გასული წლის „როლან გაროსზე“ რაფაელი სპონსორებს რესტორანში უნდა შეხვედროდა და მეუღლე არ გაიყოლა. როდესაც სასტუმროში დაბრუნდა „მატადორმა“ მარიას უთხრა:

„მადლობა ღმერთს, რომ არ წამოხვედი. იქ უამრავი ფოტოგრაფი იყო.“

არსებობს ჟურნალისტი ლინ ბარბერი, რომელიც ცნობილი წყვილების ურთიერთობით არის დაინტერესებული და დიდი ხნის განმავლობაში რაფაზე და მარიაზე ბევრი რამის გაგება სურდა, თუმცა წყვილი ინტერვიუზე გამუდმებით უარს ამბობდა.

ბარბერი ელიტარულ სამყაროში არ უყვართ. მეტიც, მას ვირუსსაც კი უწოდებენ. ამის ნათელი მაგალითი ის სტატიაა, რომელიც მან ნადალზე და მარიაზე დაწერა.

New York Times-ს გამოცემაში ვკითხულობთ:

„ფრანცისკა ყოველთვის სადღაც შორს არის. მართალია ზოგჯერ ფინალში ან ნახევარფინალში ტრიბუნაზე ჩნდება, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჩოგბურთო სამყაროში აქტიურად არიან ჩართულები უცნობია. ნადალი ამბობს, რომ ფრანცისკას მალიორკაში გამუდმებით ხედავს, მაგრამ ჩემი აზრით სექსის თვალსაზრისით ასე კაცის დაკმაყოფილება რთულია. რაფაელი ყოველთვის დედაზე, მამაზე და ბიძებზე საუბრობს. მარიას კი არასდროს არსად არ ახსენებს. ძალიან გამიკვირდა, თუ ისინი ოდესმე დაქორწინდებიან.“

რა თქმა უნდა, ნადალი და მარია დაქორწინდნენ. 2019 წელი, 300-კაციანი ქორწილი, სადაც დაპატიჟებული ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი იყო. კერძებზე მსოფლიოში ცნობილმა შეფ-მზარეულმა მაკარენა დე-კასტრომ მოამზადა. საინტერესო ის გახლავთ, რომ სტუმრებს ცერემონიაზე ტელეფონის გარეშე მისვლა სთხოვეს, რადგან ნადალს არ სურდა, რომ მისი ქორწილიდან კადრები გავრცელებულიყო.

„ჩვენი ქორწილი მხოლოდ ოფიციალური ცერემონიისთვის გაკეთდა. 17-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ამ ყველაფერმა ჩემში არაფერი შეცვალა. უბრალოდ, ამის გასაკეთებლად სწორი დრო შევარჩიეთ.“

- განაცხადა ნადალმა

ქორწილის შემდეგ, მარია რაფაელთან ერთად უფრო ხშირად ჩანს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მის ბიზნესში ჩართვაა. ფრანცისკა მისი მეუღლის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს. მეტიც, მიმდინარე წლის „როლან გაროსის“ დასრულების შემდეგ, მარია ნადალთან ერთად ფოტოსესიაშიც კი გამოჩნდა.

ამბავი იმის შესახებ, რომ ნადალი მამა გახდება იგივე დამახასიათებელი სახით დაადასტურა:

„თუ ყველაფერი კარგად იქნება, მამა გავხდები. არ ვარ მიჩვეული ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს, მირჩევნია ჩემთვის დავტოვო. არ ველოდები, რომ ეს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში რაიმე ცვლილებას მოახდენს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენად სამართლიანია, რომ უკრაინელები იხოცებიან?“ - სტახოვსკის პასუხი ნადალს
„რამდენად სამართლიანია, რომ უკრაინელები იხოცებიან?“ - სტახოვსკის პასუხი ნადალს