ესტონური პაიდე - 18 წლის წინ დაარსებული გუნდი, რომლის ლიდერიც ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელია
ესტონეთის ცენტრალურ ნაწილში 8 561 ადამიანი ცხოვრობს. ამ პატარა ქალაქს პაიდეს სახელით იცნობენ, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო გუნდიც ჰყავს. ქალაქის იდენტური სახელის მქონე საფეხბურთო კლუბი 2004 წელს დაარსდა, უმაღლეს ლიგაში 2009 წლიდან თამაშობს და ამ დრომდე რანგით დაბალ ლიგაში არასოდეს დაქვეითებულა.
პაიდე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის ცხელი ზაფხულის მონაწილე იქნება და კონფერენს ლიგაზე მეტოქეობას დინამო თბილისს გაუწევს. არსებობს მოლოდინი, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ესტონურ ბარიერს გაივლის.
პაიდეში სულ 7 ლეგიონერი ირიცხება (მათ შორის: 3 - გამბიიდან, 1-განიდან, 1-უგანდიდან, 1 - ნიდერლანდებიდან და 1-საფრანგეთიდან), საერთო განაცხადის გათვალისწინებით კი, შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების 3 ფეხბურთელია. ყველაზე ცნობილი და ამავდროულად, გამოცდილი რაგნარ კლავანია, რომელსაც ესტონეთის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ებარა და რომელსაც კარიერული კუთხით, საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს - უთამაშია ესტონეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ისეთ გუნდებში როგორებიც: ალკმაარი, აუგსბურგი, ლივერპული და კალიარია.
რაგნარ კლავანისთვის საქართველო და თბილისი საკმაოდ ნაცნობია. კლავანი ესტონეთის ნაკრების კაპიტნის რანგში, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ფორმით, თბილისს სხვადასხვა დროს სტუმრობდა, უკანასკნელი შეხვედრა თბილისში 2018 წლის 27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 19 000 გულშემატკივრის თანხლებით, 2-ბურთიანი სხვაობით, ჯიმი ტაბიძის (6') და ვაკო ყაზაიშვილის (35') გოლებით მოიგო.
36 წლის მცველი მშობლიური ქვეყნის გუნდს კალიარიდან, 2021 წლის 1 ივლისიდან შეუერთდა და სავარაუდოდ, მისი კარიერა სწორედ საკუთარ ქვეყანაშივე დასრულდება.
პაიდე - 18 წლის გუნდი და მწვრთნელი, რომლიც გვიცნობს
✅ არსებობის 18-წლიან ისტორიაში გუნდმა მხოლოდ 1 ტიტულის მოპოვება შეძლო - ეს ესტონეთის თასია, რომელსაც სწორედ გასულ სეზონში დაეუფლა (21/22) და რითაც ევროტურნირების საგზური მოიპოვა, განსხვავებით დინამო თბილისისგან, რომელიც დაარსების დღიდან მოცემულ მომენტამდე, მეტოქეზე 35 -ით მეტ ტიტულს ფლობს.
✅ გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, პაიდეს ჯამური ღირებულება 3.57 მილიონი ევროა, რაც დინამო თბილისის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მცირეა - 6.98 მილიონი ევრო.
✅ ამ ეტაპზე საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში პაიდეს 18 მატჩი აქვს ჩატარებული და 32 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. გუნდის სხვაობა პირველადგილოსან ტალინის ლევადიასთან 16 ქულაა. სხვათაშორის, ლევადიაში წარმოშობით ქართველი შემტევი, ზაქარია ბეგლარიშვილი თამაშობს, რომელსაც საქართველოს 17, 19 და 21- წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
დინამო თბილისი კი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და მოქმედ ჩემპიონ დინამო ბათუმს 9 ქულით ჩამორჩება.
✅ პაიდეს კარელ ვოოლაიდი ხელმძღვანელობს, რომელიც ადგილობრივი სპეციალისტია და 44 წლის არის. ვოოლაიდს გუნდი 2022 წლის 1 იანვრიდან ანდეს. მისი კონტრაქტი მხოლოდ 1 კალენდარულ წელს მოიცავს და 2022 წლის 31 დეკემბერს სრულდება.
რაგნარ კლავანის მსგავსად, კარელ ვოოლაიდი თბილისს კარგად იცნობს, რადგან პაიდემდე, ესტონეთის ყველა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. ესტონელი სპეციალისტის საყვარელი ფორმაცია 4-4-2-ია, რომლითაც პაიდეს ათამაშებს და პაიდემდე, ესტონეთის ნაკრებშიც სწორედ ამ ფორმაციის ერთგული იყო.
ამ დრომდე კარელს პაიდესთან ერთად 21 მატჩი აქვს ჩატარებული, სტატისტიკა კი ასეთია: 13 გამარჯვება / 2 ფრე / 6 მარცხი: 51 გატანილი და 26 გაშვებული გოლი.
✅ პაიდეს საშინაო არენა, რომელსაც Paide City Stadium-ის სახელით იხსენიებენ, სულ 500 ადამიანს იტევს და ისეთივე მცირეა, როგორც თავად კლუბის ისტორია, არც UEFA-ს სტანდარტებს აკკმაყოფილებს, ამიტომ პაიდეს ლოკაციის შეცვლა მოუხდა და დინამო თბილისთან გასამართ მატჩს Pärnu Rannastaadion-ზე ჩაატარებს, რომელიც ქალაქ პიარნუში მდებარეობს და პაიდედან დაახლოებით 95 კილომეტრის დაშორებითაა.
,,საქართველოს 18-გზის ჩემპიონი, საქართველოს 13-გზის თასის მფლობელი - ეს ისტორიით გაჟღენთილი დინამო თბილისია, პაიდეს პირველი მეტოქე ევროპული მოგზაურობის გზაზე, რომელიც 7 ივლისს, თბილისში იწყება: ასე გადაწყდა 14 ივნისს, უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიაში გამართულ წილისყრაზე.
დინამოს ამჟამინდელ შემადგენლობაში ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები გვხვდებიან, მაგრამ ასევე რამდენიმე საინტერესო უცხოელი ფეხბურთელიცაა: ესპანელი მეკარე, ანდრეს პრიეტო, უკრაინელი თავდამსხმელი, სტანისლავ ბილენკი და ნიგერიელი მცველი, გოდფრი სტეფენი, რომელიც გუნდში იჯარითაა.
დინამო თბილისმა ქართული ფეხბურთის ისეთი დიდი ფეხბურთელები აღზრდა, როგორებიც: თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და სხვები არიან", - წერს პაიდეს ვებგვერდი.