„თუ ქართველები უკმაყოფილო არიან, მიწაზე უნდა დაეშვან" - ბაგაცკისმა ინციდენტზე ისაუბრა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 66:79 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, საქართველოსთან გამართულ ჯახზე ლატვიელმა სპეციალისტმა, აინარს ბაგაცკისმა ისაუბრა.
„მატჩის დაწყებისას ვნერვიულობდით, რადგან ამ შეხვედრას ჩვენთვის დიდი ფასი ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სათამაშო რიტმი თავიდანვე გვეპოვა, დაცვაში ისე გვემოქმედა, როგორც ამაზე ვარჯიშებზე ვიმუშავეთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიგვეღო. დაცვაში მაღალი დონის კალათბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ შეტევაში იყო ეპიზოდები, როცა კატეგორიულად მიუღებელ არჩევანს ვაკეთებდით და სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ რამდენიმე მომენტში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველო თამაშში ბრუნდებოდა. საბოლოოდ, სწორი გადაწყვეტილებებით და მოთმინების უნარით გავაკეთეთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“.
ბაგაცკისმა მატჩის ბოლოს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, როცა გუნდებს შორის ვითარება დაიძაბა და მისი თქმით, ქართველთა უკმაყოფილება მის მიერ საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე აღებულ ტაიმაუტს მოჰყვა, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: „კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არის შანსი, 4 გუნდს ერთნაირი ბალანსი ჰქონდეს და მათ შორის უკრაინა და საქართველოც იყვნენ. ამ შემთხვევაში, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება და ამ მომენტის გათვალისწინებას ვცდილობდით, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ჩავაგდეთ. საბოლოო შედეგებით მიზნის მისაღწევად ერთი ქულა რომ დაგვკლებოდა, ვისი ბრალი იქნებოდა? რა თქმა უნდა, ჩემი. სწორედ ამიტომ ვცდილობდით, რომ მატჩის ბოლოს ჩაგვეგდო.
წესები და კალათბურთის დაუწერელი კოდექსი ძალიან კარგად ვიცი. ვიცი, რომ მეტოქის დასამცირებლად ტაიმაუტის აღება არ შეიძლება, მაგრამ ეს ტურნირი ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აი, თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რამით უკმაყოფილო არიან, ცოტათი მიწაზე უნდა დაეშვან და წიგნი წაიკითხონ“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრებს 2 მოგება და 2 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრას 4 ივლისს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.