კრივი, დავით წიკლაური
Aa
Aa

„გაჩუმებას არ ვაპირებ, სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - კრივის ფედერაციის პრეზიდენტი

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაფინანსების შეწყვეტაზე სპორტის სამინისტროდან სპეციალური წერილი მიუვიდა, რომელშიც ნათქვამია, რომ კრივის ფედერაციას დაფინანსება ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ აღუდგება.

დავით წიკლაურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

წერილში ცხადად წერია, რომ დაფინანსებას იმიტომ კი არ გიმცირებთ, რომ ან ბიუჯეტში გვაქვს პრობლემები, ან არამართებულად მივიჩნევთ ამ თანხით დაფინანსებას, ან მიღწევებში და შედეგებში ჩავარდნა გაქვთ ( კრივის ისტორიაში საუკეთესო შედეგები გვაქვს დადებული,ამას როგორ გვეტყვიან), არა უბრალოდ გვწერენ ოფიციალურ, ბლანკიან ფურცელზე იმას,რასაც მანამდე მხოლოდ სიტყვიერად გვითვლიდნენ: ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი, დავით წიკლაური რომ წავა ხელმძღვანელის პოზიციიდან, მერე ისევ მოგცემთ ფულსო.

ბლანკიან ფურცელზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბლანკიან ფურცელზე, სიტყვასიტყვით თითქმის შანტაჟის ენით დაწერილი წერილი, ალბათ საბჭოთა ეპოქასაც არ ეხსომება.

ამ ყველაფერზე გავაკეთებ განცხადებას მოგვიანებით და ასევე პრესკონერენციასაც გავმართავ. ყველამ უნდა იცოდეს ამ საკითხზე ყველაფერი. ეს სამინისტრო ვინმეს კანტორა არაა პირადი სიმპატია-ანთიპატიებით წყვეტდეს არჩეული კანდიდატების საკითხს.

არც გაჩუმებას ვაპირებ და არც გვერდზე გადგომას. სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ მთელი ფედერაცია. სპორტის სამყარო, რომ არც წარმოუდგენიათ ისეთი სოლიდარული და ერთიანია უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ ქვეყანაში, ხელისუფლებაში, არიან ადამიანები ვინც იციან და ესმით სპორტის ფასი, ჩვენი კრივის ფედერაციის მიღწევები ეამაყებათ და დარწმუნებული ვარ ისინიც იტყვიან თავიანთ სიტყვას.

მოგვიანებით გავავრცელებ განცხადებას, სადაც ვისაუბრებ იმ გაუგონარ ზეწოლასა და დეზინფორმაციის კასკადზე, ჩემი დისკრედიტაციის მიზნით ამ ბოლო კვირეებში სამინისტროდან და მათთან დაკავშირებული პირებიდან რომ მოდიოდა.

ამით მე ვერ გამტეხავენ. დაუმსახურებელი, ღირსება შემლახველი კამპანიით მე ვერაფერს დამაკლებენ. ჩემს ცხოვრებაში მძიმე შრომით მიმიღწევია ყველაფრისთვის და რაც ყველაზე მთავარია რეპუტაციისთვის. ამიტომ შანტაჟით, მუქარით, ვერაფერს გახდებიან.

კრივის ისტორიაში საუკეთესო შედეგების დადებისთვის, რატომ გვიშვებთ სახლებში ეგეც უნდა გვითხრათ და ისიც რატომ ანგრევთ ახლა უკვე ამ სფეროს.

დანარჩენზე, უფრო დეტალურად, რა თანხაა ეს, რას გვიმცირებს და ხან გვინულებს თავის სურვილისამებრ მინისტრი, როგორ „მოგვილოცეს“ სამინისტროში მისულებს კრივის ისტორიაში უპრეცედენტო წარმატება - ჩვენს განცხადებაში და პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ დაფინანსება შეუწყდა. როგორც ირკვევა, კრივის ფედერაციას დაფინანსების შეწყვეტა სატელეფონო კომუნიკაციის დახმარებით შეატყობინეს და ამის მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი აიღო. ოქროს მედლები სახილ ალახვერდოვმა, არტიუშ გომციანმა და გიორგი ყუშიტაშვილმა მოიპოვეს, ლაშა გურული კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები