მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას ტრანსფერიდან თანხას ყველა კლუბი მიიღებს“
„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა „კვარას“ „ნაპოლიში“ ტრანსფერზე ისაუბრა. ჯუღელის თქმით, გარიგების შედეგად თანხას კვარაცხელიას ყველა ყოფილი კლუბი მიიღებს.
„რუბინს არასდროს მოვატყუებთ და ყველაფერი მშვიდობიანი გზით გადაწყდება. თითოეულ კლუბს, რომლის რიგებშიც ხვიჩას უთამაშია, დაწყებული დინამო ბათუმით, დამთავრებული დინამო თბილისითა და მოსკოვის ლოკომოტივით, ტრანსფერიდან რაღაც თანხა ერგება. თითოეული კლუბი იმას მიიღებს, რაც ერგება და ფიფა განსაზღვრავს თუ კონკრეტულად რა რაოდენობაზეა საუბარი.
მე და მამამისს ყველაზე დიდი წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ ხვიჩა ახლა ნაპოლიშია, ჩვენ შემდეგ კი ყველაზე დიდი დამსახურება რუბინს აქვს. თავიდან მას მამამისი დაეხმარა, შემდეგ მე, ხოლო ბოლოს - საიმანოვის კლუბი. ნაპოლიმ დინამო ბათუმის ფეხბურთელი იყიდა და არა რუბინის, თუმცა თავის წილს ყველა კლუბი მიიღებს. დინამო ბათუმი საკუთარ წილს მიიღებს, მათგან 5-10 პროცენტი კი რუბინსა და სხვებს გადაეცემათ. ეს უკვე ბათუმელთა საქმეა. ხვიჩას კონტრაქტი დინამოსთან აქვს და ფული მთლიანად რუბინმა მიიღოს? ასე არ ხდება“.
ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.