ტრანსფერების დაჩქარებას ითხოვს - ჟოზე რომას ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო შეშფოთებულია საკუთარი კლუბის სატრანსფერო აქტიურობის ინტენსივობით და ხელმძღვანელობას აჩქარებისკენ მოუწოდებს. „განსაკუთრებულს“ „რომას“ მნიშვნელოვნად გაძლიერება სურს.
პორტუგალიელის პრიორიტეტი მომდევნო სეზონში ოთხეულში ადგილის დამკვიდრებაა. ჟოზე „ჯალოროსის“ სპორტულ დირექტორთან ტიაგო პინტოსთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას. მას სურს, რომ 5 ივლისამდე გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდეს.
მოურინიოს სხვა გუნდების აქტიურობა აღელვებს. La Repubblica-ს ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს კარგად ესმის მისი გუნდის ფინანსური შესაძლებლობები, თუმცა იმედი აქვს, რომ კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ სატრანსფერო ბიუჯეტი გაიზრდება.
ჯერჯერობით „ჯალოროსიმ“ მხოლოდ ნემანია მატიჩი იყიდა. წყარო წერს, რომ ახალი ტრანსფერებისთვის გუნდიდან ფეხბურთელები უნდა წავიდნენ. „რომა“ მხითარიანმა დატოვა და აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სომეხ ფეხბურთელს ძანიოლოც გაყვება.
„განსაკუთრებულს“ ახალი ცენტრალური მცველი, ორი ნახევარმცველი და გარემარბი სჭირდება. ჟოზე ასევე თავდამსხმელს მოითხოვს იმ შემთხვევაში, თუ „რომას“ ძანიოლო დატოვებს.