სასჯელი ესპანეთს - მსოფლიო თასზე რუმინეთი ითამაშებს
რუმინეთის ნაკრები საფრანგეთში გასამართ რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია მსოფლიო რაგბიმ დაადასტურა.
უწყების თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ესპანელთა წარმოშობით სამხ. აფრიკელ პირველ ხაზელს, გევინ ვან დერ ბერგს ესპანეთში 3 წელი უნდა ჰქონოდა გატარებული იმისთვის, რომ ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა, ნიდერლანდებთან მატჩის დროს კი, როდესაც ის ეროვნულ გუნდში პირველად გამოჩნდა, ეს პერიოდი გასული ჯერ არ იყო. ამის გამო, ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნა.
ესპანეთის რაგბის კავშირის მიერ ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის მიუხედავად, მსოფლიო რაგბმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ესპანეთის ნაკრები დაჯარიმდა 25 000 ევროთი, ჩამოაკლდა 10 ქულა (იმ შეხვედრების, სადაც ვან დერ ბერგმა ითამაშა) და შესაბამისად დაკარგა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, მის ნაცვლად კი ტურნირზე რუმინეთის ნაკრები იასპარეზებს.
რუმინეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში ირლანდიას, შოტლანდიას, სამხრეთ აფრიკას და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ფინალში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.