''ლევანდოვსკის სურს აჩვენოს, რომ ბენზემაზე უკეთესია'' - პოლონელის ყოფილი აგენტი
რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა ცეზარი კუხარსკიმ ესპანურ მედიასთან ''ბაიერნის'' ფორვარდის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა. კუხარსკის თქმით, ლევანდოვსკის კარიერის განვითარება ასე წარმოედგინა, რომ ''ბაიერნის'' დატოვების შემდეგ ლა ლიგაში უნდა ეთამაშა და კარიერა აშშ-ში დაესრულებინა.
კუხარსკი, რომელიც პოლონეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, ლევანდოვსკის შესახებ ესპანურ Cadenaser-ს ესაუბრა.
''მილიონდოლარიანი კითხვაა, ლევანდოვსკი ''ბარსაში'' გადავა თუ არა. ლევანდოვსკი ''ბაიერნზე'' წნეხს ახორციელებს და კლუბის მმართველებმა იციან, რომ მას ესპანეთში წასვლა სურს.
ლევანდოვსკის გეგმა ასეთი იყო, გერმანიის შემდეგ ესპანეთში ეთამაშა და კარიერა აშშ-ში დაესრულებინა.
მას სურს აჩვენოს, რომ ბენზემაზე უკეთესი ფორვარდია.
ლევანდოვსკის ოცნებები არ აქვს. მისთვის ფეხბურთის თამაში პროფესიაა, ის ძალიან პროფესიონალია. ''ბარსას'' დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ ფინანსური საკითხი მოაგვაროს და ლევანდოვსკი გადაიბიროს''.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ დატოვებაზე არაერთხელ ისაუბრა. პოლონელმა ამჯერად კომენტარი გერმანულ Bild-თან გააკეთა.
„კონტრაქტში კიდევ ერთი წელი მაქვს დარჩენილი, რის გამოც კლუბს ტრანსფერის განხორციელება ვთხოვე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია არსებულ ვითარებაში, მით უმეტეს, რომ ''ბაიერნი'' გარიგების შედეგად თანხის მიღებას შეძლებს''.