ჩელსი წინადადებას ამზადებს - ლურჯებს სტერლინგის გადაბირება სურთ
„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი შეტევის გაძლიერებას აპირებს. „არისტოკრატებს“ ახალი მფლობელი ჰყავთ და ზაფხულში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი, ერთ-ერთი მათგანი კი მაღალი დონის შემტევის დამატება გახლავთ.
Telegraph-ის ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს რაჰიმ სტერლინგის გადაბირება სურს. ტუხელი ინგლისელ ფეხბურთელს პირადად გაესაუბრა და საკუთარი საფეხბურთო პროექტის შესახებ შეატყობინა, ლონდონელები კი თავიანთ თავკაცს მხარდაჭერას უცხადებენ.
ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ჩელსი“ პირველ წინადადებას ამზადებს და „სიტის“ უახლოეს დღეებში დაუკავშირდება. „ქალაქელები“ რაჰიმის სანაცვლოდ დაახლოებით 50-60 მილიონ ევროს ითხოვენ და მისი გაშვების წინააღმდეგი არ არიან.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, 30 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. „ლურჯების“ გარდა, მას „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები მხოლოდ „არისტოკრატებმა“ გადადგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჩელსიში“ იმედი აქვთ, რომ „სიტის“ დათმობებზე დაიყოლიებენ.