ლოვრენი: „რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, წასვლას არ ვაპირებ“
„ზენიტის“ ფეხბურთელმა, დეიან ლოვრენმა კლუბიდან წასვლის პერსპექტივაზე ისაუბრა. ხორვატმა მცველმა განაცხადა, რომ მასზე დიდ წნეხს ახორციელებენ, მაგრამ „ზენიტის“ დატოვებას და ადგილსამყოფლის გამოცვლას არ აპირებს.
„ალექსანდრ მედვედევს ველაპარაკე და დავარწმუნე, რომ ზენიტში ვრჩები. კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და აქ კიდევ ერთი სეზონი უნდა გავატარო. შექმნილ მდგომარეობას რაც შეეხება, ყველანი ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. ჩემზე დიდ წნეხს ახორციელებენ და ზოგიერთ ადამიანს უნდა, რომ აქედან წავიდე. ეს ძალიან არ მომწონს, რადგან იმაში, რაც ახლა ხდება, ჩემი ან ზენიტის ბრალი არაფერია. რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აქ შესანიშნავად მიმიღეს და უამრავი მეგობარი მყავს.
ხორვატულ პრესაში გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ სტატიებს რაც შეეხება, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიღებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს. არის საზღვარი, რომელსაც არ უნდა გადავცდეთ და სასამართლოში სარჩელს შევიტან. თუ პროცესი ჩემი გამარჯვებით დასრულდება, მიღებულ თანხას იმ ხალხს გადავცემ, რომელსაც ნამდვილად სჭირდება“.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.