ლუკას სილვა - მშვიდობა გრემიოში მადრიდული უბედურების შემდეგ
მიმდინარე წლის მარტში, „გრემიოს“ ნახევარმცველმა ლუკას სილვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი ფოტო, რომელშიც მისი სახე ნაკერებით არის დაფარული. იცით რა მოხდა? მეტოქე გუნდის გულშემატკივარმა სილვას მობილური სახეში ესროლა..
„კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ფეხბურთში.. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ასეთი ინციდენტები გაიზარდა.“
- წერს სილვა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე
ფეხბურთელი, რომელიც ერთ დროს მადრიდის „რეალში“ თამაშობდა და დიდი მომავალი ჰქონდა, ახლა „გრემიოს“ რიგებში ბრაზილიის მეორე დივიზიონში ასპარეზობს..
ლუკას სილვა „გრემიოს“ 2020 წლის იანვარში შეუერთდა. იქამდე კი „სამეფო კლუბის“ საკუთრება იყო, თუმცა ჯერ „მარსელში“ გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ „კრუზეიროში“.
შრომისმოყვარეობა ჯილდოს გარანტია ყოველთვის არ არის. ასეთი შემთხვევაა ლუკას სილვას კარიერაშიც. ლიბერტადორესის ჩემპიონი და საკლუბო მუნდიალის ფინალისტი ბრაზილიის სერია ბ-ში დაქვეითდა..
„გრემიომ“ ლუკას სილვა კრიზისიდან ამოსვლისთვის შეიძინა და მასზე დიდი ავანსები გასცა. ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდის ნახევარდაცვის და შიდა სამზარეულოს ლიდერია. იმაზე აღარავინ საუბრობს, რომ ერთ დროს „რეალის“ ნიჭიერი ფეხბურთელი უკვალოდ დაიკარგა, თანაც ეს იმის გათვალისწინებით, რომ ლუკასმა „ბლანკოსის“ რიგებში 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
არადა ყველაფერი რა კარგად დაიწყო.. 2014 წელს, სილვა ბრაზილიის სერია ა-ს საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და ატლანტის ოკეანეს გავლით სანტიაგო ბერნაბეუზე აღმოჩნდა.. ეს მისთვის ახდენილი ოცნება იყო !
„ნამდვილად ბედნიერი და მოტივირებული ვარ. მე აქ მოვედი სწავლისთვის და უპირველეს ყოვლისა „რეალის“ დახმარება მსურს.“
- განაცხადა სილვამ პრეზენტაციაზე
2015 წლის თებერვალში ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, ლუკას სილვა ჩემპიონთა ლიგაზე „ბლანკოსის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, სადაც მადრიდულმა გრანდმა „შალკე“ 2:0 დაამარცხა.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა და იმედისმომცემი ბრაზილიელი სეზონის დასრულების შემდეგ, მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის „მარსელში“ გაანათხოვრეს და პრობლემებიც სწორედ აქ დაიწყო. ლუკასმა ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მას „ანდერლეხტში“ გადასვლა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა და ამის შემდეგ ლიგა 1-ში ერთი მატჩიც აღარ ჩაუტარებია..
2015/2016 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელი ფეხბურთელი „რეალში“ დაბრუნდა. ხელმძღვანელობა „სპორტინგს“ იჯარით ტრანსფერზე შეუთანხმდა, თუმცა სილვამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. მას გულის არალეგალური არითმია დაუდგინდა. არა მხოლოდ ტრანსფერი, არამედ მთელი მისი კარიერა გაჩერდა..
საბოლოოდ, უჩვეულო გულისცემა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ამას ყველა ვარაუდობდა და სილვამ ფეხბურთის თამაში განაახლა, თუმცა ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მას „ბლანკოსში“ აღარ ენდობოდნენ.
2017 წლის იანვარში, სილვა „კრუზეიროში“ იჯარის წესით გადაბარგდა, სადაც 2 წელი და 6 თვე დაყო. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი მისი კონტრაქტი „რეალთან“ ოფიციალურად ამოიწურა. სწორედ აქ დაიწყო „გრემიოს“ პერიოდი, თუმცა ბრაზილიურ გიგანტს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და პირველად სერია ბ-ში დაქვეითდა..
საბოლოო ჯამში, ლუკასის ევროპული კარიერა მხოლოდ დიდ სევდას იწვევს და სხვას არაფერს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა საკუთარი სახელი „რეალში“ ვერ დატოვა.
„ვისურვებდი, რომ მადრიდში მეტი შესაძლებლობა მქონოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, მე მაინც დიდი გამოცდილება მივიღე.“
- განაცხადა სილვამ 2019 წლის სექტემბერში
დღეს კი რეალობა ასეთია - ლუკას სილვამ ყველაფერი გაიღო, რათა „გრემიოს“ წარმატებისთვის მიეღწია. გულშემატკივრებს ის ძალიან უყვართ. ხშირად შევხვდებით 29 წლის ნახევარმცველის სოციალურ ქსელში ფოტოებს, სადაც ქომაგებთან ერთად პოზირებს. და ბოლოს, „გრემიომ“ ცოტა ხნის წინ Campeonato Gaucho-ს თასი მოიგო. ლუკასი კი ლურჯ-თეთრ ფერებში შეფერილ ბარაბანზე აქტიურად უკრავს..