ვინ დაიკავებს კრიშტიანუ რონალდუს ადგილს, როცა ის კარიერას დაასრულებს? რა თქმა უნდა, მისი შვილი! კრიშტიანინიო მამის კვალს მიჰყვება და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. ის მარტო არ არის, ჩვენს ვიდეოში შეხვდებით კიდევ 9 ფეხბურთელის შვილს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მამის მემკვიდრეობა გააგრძელონ.
დავიწყოთ უკვე ნახსენები კრიშტიანინიოთი. მას სურს, რომ მამასავით მაგარი ფეხბურთელი იყოს და ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩაწეროს. ის აქედანვე პრივილეგირებული ფეხბურთელია, აქვს ბუნებრივი ტალანტი და ბეჯითად შრომის კულტურა, რაც მის ოჯახურ ტრადიციად უნდა ჩავთვალოთ. 11 წლის ბიჭმა ფეხბურთის თამაში მადრიდში, ადგილობრივ კლუბ „პოცუელო დე ალარკონში“ დაიწყო და პირველი ტიტულებიც მოიგო. ასევე, პირადი ჯილდოები და მათ შორის საუკეთესო ბომბარდირის წოდება.
მამის ტრანსფერს მისი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია და გოლების გატანა და ტიტულების მოგება „იუვენტუსის“ აკადემიაში გააგრძელა. ამჟამად კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ 12-წლამდელთა გუნდში თამაშობს და მისი კარიერა ყოველწლიურად სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. არსებობს ერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გაგაკვირვებს: კრიშტიანინიო ამერიკელია! აშშ-ში დაიბადა და აქვს არჩევანი, მომავალში ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს. მოკლედ, მართლაც ბევრი წინაპირობაა იმისთვის, რომ იგი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ეს რომც ვერ მოახერხოს, კრიშტიანუს სახლში ბუნებრივი ტალანტები კიდევ ჰყავს, მაგრამ მთავარი საკითხია, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ერთი მემკვიდრე ეყოლება, თუ რონალდუების დინასტიას მივიღებთ?!
ნომერი ორი - მესის შვილები! თუკი არსებობს ფანების სურვილი, კრიშტიანუს შვილმა მისი გზა გააგრძელოს, მაშინ ვინატროთ ისიც, რომ მესი-რონალდუს მეტოქეობაც გაგრძელდეს. ლეო 3 ბიჭის მამაა - ტიაგო, მატეო და ჩირო. როცა შენი მამა ლიონელ მესია, ყველა და ყველაფერი ფეხბურთთან გაკავშირებს.
ტიაგო, შესაძლოა, მართლაც საინტერესო ტალანტად ჩავთვალოთ, იმის მიუხედავად, რომ მისმა მამამ რამდენიმე წლის წინ შვილების ფეხბურთით არდაინტერესების შესახებ დაიჩივლა. იმ კომენტარიდან მალევე, პატარა ტიაგო „ლა მასიაში“ ჩაირიცხა და გოლების გატანა დაიწყო. მატეო კი უბრალოდ მატეოა. ძალიან მოუსვენარი ბავშვი, რომელიც მამას ხშირად ეხუმრება და მასზე, როგორც პერსონაჟზე, ხშირად დადებითი კონტექსტში, იუმორით საუბრობენ. ამჟამად მესის სამივე შვილი პსჟ-ის აკადემიაში თამაშობს, თუმცა მათი თამაშის კადრები არ ვრცელდება და როგორც ამბობენ, კრიშტიანინიოსგან განსხვავებით, ისინი ჯერ ბურთს მხოლოდ გართობისთვის თამაშობენ.
ნომერი სამი - ენცო ალვეშ ვიეირა, იგივე მარსელო ჟუნიორი. დაიმახსოვრეთ ეს ვიდეო, რომელშიც მარსელო „რეალის“ აკადემიის პატარა წევრებთან ერთად ერთობა. შეგიძლია, გამოიცნოთ ამ ბიჭებიდან რომელია მისი შვილი? რა თქმა უნდა, შეგიძლია! ეს ენცო ალვეშ ვიეირაა, რომელიც მამას ძალიან ჰგავს და მასსავით 12-ნომრიან მაისურს ატარებს. ენცო 2009 წელს მადრიდში დაიბადა და „რეალის“ თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა.
მამისგან განსხვავებით, იგი მარჯვენაა და მას არც პოზიციით ჰგავს - ენცო არა ფლანგის მცველი ან უინგ ბექი, არამედ ცენტრფორვარდია და საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელადაც ითვლება. “ის ძალიან ნიჭიერი და ძლიერი მოთამაშეა. მოძრავი და მობილური თავდამსხმელი, რომელიც ყოველთვის გუნდურად თამაშს ცდილობს. გამოირჩევა შრომისუნარიანობა და თანმიმდევრულობით. იცის, როგორ წაიკითხოს თამაში და მშვენიერი ფინიშერია, რაც მის შედეგიანობას განაპირობებს“, - ეს „რეალის“ ერთ-ერთი სკაუტის სიტყვებია.
შრომისუნარიანობა და თანმიმდევრულობა ოჯახური მემკვიდრეობაა, რასაც ემატება ბუნებრივი ნიჭი, რაც ყველა ბრაზილიელს გულში აქვს. სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირებზე ნაჩვენები ეფექტური თამაში და გატანილი გოლები ინდიკატორია იმის, რომ მარსელოს პატარა ვაჟი მართლაც იმედისმომცემი ტალანტია. ენცოს ფეხბურთში საკუთარი კუმირი ჰყავს და ეს მისი მამა არაა, ეს არის კაკა!
ნომერი ოთხი - ჟოაო მენდეშ ასის დე მორეირა. სახელის ბოლო ნაწილი ვინმეს ხომ არ გახსენებს? კი, კი, ჟოაო მენდეში სხვა არავინაა, თუ არა რონალდინიოს შვილი. იგი 2005 წელს დაიბადა და ბრაზილიისა და ესპანეთის პასპორტები აქვს. თამაშობდა „კრუზეიროს“ ახალგაზრდულ გუნდებში და 2021 წლის ბოლოდან განსაკუთრებული ისტორია დაიწყო.
„კრუზეიროს“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი რონალდო გახდა და რონალდინიოს ვაჟი პირველი პროფესიონალური ნაბიჯების გადადგმას მეგობრის გუნდში შეეცდება. 14 წლის ასაკში „კრუზეიროში“ სინჯები გაიარა და ყველა შთაბეჭდილების ქვეშ დატოვა, მაშინ არავინ იცოდა, რომ რონალდინიოს შვილი იყო. ჟოაოს სურს, რომ ფეხბურთში საკუთარი სახელი ჩაწეროს, რაც უნდა დავაფასოთ და წარმატებები ვუსურვოთ.
ნომერი ხუთი - შაკილ ვან პერსი. რობინ ვან პერსის ვაჟი ნელ-ნელა პროფესიონალურ ფეხბურთს უახლოვდება. 15 წლის ასაკში იგი უკვე მამის ბავშვობის კლუბის, „ფეიენოორდის“ წევრია. შაკილის კარიერა კრიშტიანინიოს კარიერის მსგავსია - იმ გუნდის აკადემიაში იყო, რომელშიც იმ დროს მამა თამაშობდა. პირველი ნაბიჯები „ფენერბაჰჩეს“ აკადემიაში გადადგა, ხოლო როცა მისი მამა „ფეიენოორდში“ კარიერის დასასრულებლად გადავიდა, შაკილიც ამავე გზას მიყვა.
დღესდღეობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შაკილი თავის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია. გოლების გატანა და ჯილდოების მოგება შესანიშნავად გამოსდის. „ყველა შემთხვევაში მეყვარები და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ფეხბურთელი იქნები თუ არა. თუმცა, შენ ამბობ, რომ ფეხბურთი ძალიან გიყვარს. საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი თავად უნდა აიღო და ჩივილი შეწყვიტო“. შაკილი საფეხბურთო სტილით მამას ჰგავს და მასსავით ცენტრფორვარდისა და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, სამომავლოდ შეუძლია, ნიდერლანდების, ინგლისის ან მაროკოს ნაკრებებში ითამაშოს. მიჰყვეს მამის ნაბიჯებს და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ან „არსენალი“ აირჩიოს. სხვათა შორის, ფოტოში შაკილის გვერდით დირკ კუიტის ვაჟია.
ნომერი ექვსი - სეიფ ელ ისლამ რიბერი. „ფეხბურთი მას შემდეგ უყვარს, რაც სიარული დაიწყო“, - ამაყობდა Bild-თან საუბრისას ფრანკ რიბერი 2020 წლის ლოქდაუნის დროს. რიბერებს ჰქონდათ საშუალება, ერთადაც ევარჯიშათ და ფრენკი შვილს არიგებს, რომ ბევრი შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. სეიფი „ბაიერნისა“ და „ფიორენტინას“ ახალგაზრდულ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგში კი რა იქნება, არავინ იცის.
ნომერი შვიდი - „საამაყო დღე! კაი რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააფორმა. ბეჯითად შრომა გააგრძელე, შვილო“! - წერდა უეინ რუნი. კაიმ სულ რაღაც 10 წლის ასაკში მოახერხა, რომ „იუნაიტედს“ მასთან კონტრაქტი გაეფორმებინა და კლუბის ლეგენდის ვაჟის სტატუსით „წითელ ეშმაკებს“ შეუერთდა. კაი უეინ რუნი 2009 წელს დაიბადა და თუკი მისი თამაშის კადრებისთვის თვალი მაინც მოგიკრავთ, ადვილად მიხვდებით, რატომ ვუთმობთ დროს მასზე საუბარს.
ახლა ცოტას მის ყოველკვირეულ შედეგებზე დაგელაპარაკებით: „სტოკთან“ მისმა გუნდმა 6:3 მოიგო და კაიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქე „ლივერპულთან“ 4:5 წაგებისას კი ოთხივე გოლი მან შეაგდო. ლეგენდა სახელად „კაი“ „ტვიტერზე“ საკმაოდ პოპულარულია და „იუნაიტედის“ ფანები მის ტალანტზე ბევრს საუბრობენ, „ჩელსის“ კაი ჰავერცზე წინაც აყენებენ და ინგლისში საუკეთესო კაიდ მიიჩნევენ.
კაის თავისი თაობის ფეხბურთელებს შორის უპირატესობა აქვს, რადგან მისმა მამამ ზუსტად იცის, რა გზა უნდა გაიარო ახალგაზრდა ტალანტობიდან ლეგენდობამდე. უეინმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ გუნდში პრაქტიკულად ყველა საგოლე რეკორდი მოხსნა, მას ძირითად გუნდში დებიუტი საკუთარ მე-17 დაბადების დღემდე 5 დღით ადრე ჰქონდა. უეინს შეუძლია, ვაჟს საჭირო მომენტებში ყველაზე კომპეტენტური რჩევები მისცეს.
ნომერი რვა - შეინ კლუივერტი. შეინი პატრიკ კლუივერტის ყველაზე მცირეწლოვანი ვაჟია და მამის მსგავსად „ბარსელონას“ რიგებში თამაშობს, ამჟამად 15-წლამდელთა გუნდში. მამიკო მის თამაშებზე ხშირად დადის. შეინს ნიჭიერ ფეხბურთელად თვლიან - იგი სწრაფი, მოქნილი და გოლზე დაგეშილი შემტევია. მისი კუმირი ლეო მესია! კიდევ ერთი მისაბაძი მაგალითი კი მარკუს რაშფორდის სახით ჰყავს.
რაც მთავარია, დიეგოსგანაც დალოცვილია: „გამარჯობა, შეინ! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ“! ასევე, კიდევ ერთი რაღაც, რაც შეინზე უნდა იცოდე: მან იცის, რომ ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთი არ არის, წლების წინ იუთუბერი გახდა. მის არხზე ძირითადად კულინარიული და საფეხბურთო კონტენტია. აქვს საკუთარი რეცეპტების წიგნი და სხვადასხვა კერძისა თუ სმუზის მოსამზადებლად სწორედ იქიდან ხელმძღვანელობს.
ნომერი ცხრა - რომეო ბექჰემი. როცა დევიდისა და ვიქტორიას შვილი ხარ, ნულის ტოლია შანსი, რომ მარკეტში ან სადმე სხვაგან სტანდარტულ გრაფიკზე, დილის ცხრიდან საღამოს ხუთამდე მუშაობდე. რომეოს ფეხბურთელობა უნდა და მამის მფლობელობაში არსებულ კლუბ „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. 2002 წელს დაბადებული რომეო მაიამელთა სარეზერვო გუნდში თამაშობს. სხვათა შორის, მისი თანაგუნდელია ჰარვი ნევილი, ფილის ვაჟი.
რომეო წლების განმავლობაში „არსენალის“ ლეგენდარულ აკადემიაში ვარჯიშობდა, ამჟამად კი ახალი გამოწვევის წინაშეა და ძალებს აშშ-ში ცდის. იგი 11-ნომრიან მაისურს ატარებს, მაგრამ მამის მსგავსად, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს და ჯარიმების შესრულების დევიდისეული მანერა აქვს. რომეო დედის ერთ-ერთ პროფესიასაც მიჰყვება და მოდელია.
დიდი ფეხბურთელის შვილობა არ ნიშნავს, რომ რამის გარანტია გაქვს. თუ არ გჯერათ, ხორდი კრუიფს ჰკითხეთ. თუმცა, ბევრი ისეთი მაგალითიც გვინახავს, როცა შვილებმა მამებზე უკეთესი ფეხბურთი ითამაშეს, ამის ერთ-ერთი მაგალითი გონსალო იგუაინია. აი, ჩვენი დღევანდელი ტალანტების ამოცანა კი ძალიან ძალიან რთულია, ყველა მათგანი ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავის შვილია და ფიქრობთ, რომ რომელიმე მამაზე უფრო დიდი ფეხბურთის თამაშს შეძლებს? ვნახოთ, არაა გამორიცხული, მათ ჩვენი გაოცებაც შეძლონ.