ისევ ომი და რუსეთი - უეფამ შერიფს ტირასპოლში თამაში აუკრძალა
მოლდოვური ტირასპოლის „შერიფი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე გამართავს.
უეფამ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე ევროთასების თამაშების გამართვა აკრძალა. ასეთი ნაბიჯი ეფუძნება საერთაშორისო პოლიტიკური და სტრატეგიული ანალიზის დარგის სპეციალისტების დასკვნებს.
ამრიგად, „შერიფს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტირასპოლში მატჩების გამართვა ეკრძალება.
„უეფას აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამ ორგანიზაციის ეგიდით მატჩები მოლდოვაში ტირასპოლის რეგიონში არ გაიმართება. გადაწყვეტილება ეფუძნება ფართომასშტაბიან საომარ ესკალაციას, რამაც რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია“.
- ვკითხულობთ უეფას ოფიციალურ განცხადებაში.
ტირასპოლური კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც „ზრინსკის“ შეხვდება. პირველი მატჩი ბოსნია ჰერცეგოვინაში 5 ივლისს არის დაგეგმილი.