„ნაპოლის ქომაგებს შეუყვარდებათ" - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე
გუშინ, დაიწერა, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ოფიციალურად 1-ელ ივლისს დაადასტურებს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელზე საკუთარი აზრი ანდრეა დიამიკომ, ფრანჩესკო ბაიანომ და სტეფანო ბენზიმ დააფიქსირეს.
დიამიკო (საფეხბურთო აგენტი): „ხვიჩა კვარაცხელია 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელია, რომელიც ძალიან პერსპექტიული მოთამაშე გახლავთ. იგი საფეხბურთო შესაძლებლობებით გამოირჩევა და შეუძლია, დაამტკიცოს, რომ ბევრად რთულ ჩემპიონატში, როგორიც სერია A გახლავთ, წარმატებით თამაში შეუძლია“.
ბაიანო (ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი) „კვარაცხელიას თამაში საკუთარი თვალით ვნახე და მას მნიშვნელოვანი უნარები აქვს, თუმცა რთულ ჩემპიონატში გადმოდის. მას ინსინიეს ჩანაცვლება მოუწევს და ეს იოლი არ იქნება. მოდით, საჭირო დრო მივცეთ, რათა გაიზარდოს“.
ბენზი (იტალიელი ჟურნალისტი): ვფიქრობ, ნაპოლის ქომაგებს კვარაცხელია შეუყვარდებათ, რადგან მას შეუძლია, მატჩის ბედი გადაწყვიტოს და სანახაობრივი სტილი აქვს“.
როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.