U20 | საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდა
საბერძნეთში, საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ისტორიულ-საკურორტო ქალაქ პატრასში მყოფი საქართველოს ნაკრები საბერძნეთის 20-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და 70:95 დამარცხდა. შეხვედრა, ცხადია, მოსამზადებელი გახლდათ და მთავარმა მწვრთნელმა, მილოშ გლიგორიევიჩმა და მისმა თანაშემწეებმა, ირაკლი ძიძიგურმა და ანდრო ანთელიძემ იგი გუნდის შესათამაშებლად, კომბინაციების დასამუშავებლად გამოიყენეს.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი ზურაბ ვაშაკიძე გახდა, რომელმაც 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო შედეგი ლუკა ლიკლიკაძემ დააფიქსირა, რომელმაც 13 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი მოინაგრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელსაც 15-24 ივლისს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოში 19 ქვეყნის ნაკრები ჩამოვა და მატჩებს ახალაშენებულ სპორტის სასახლესთან ერთად ოლიმპიური სასახლეც უმასპინძლებს.