რეიტინგის 254-ე ნომერთან წააგო - ბოლქვაძე უიმბლდონზე არ იქნება
საჩოგბურთო სამყაროში სულ მალე უიმბლდონი დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ეკო გორგოძე ითამაშებს. დიდი სლემის ტურნირზე მოსახვედრად კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი იბრძოდა.
მარიამ ბოლქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში რეიტინგის 254-ე ნომერს იანა ფეტს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 7:5 1:6 2:6 დამარცხდა.
პირველ სეტში მარიამი კარგად გამოიყურებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგის პირველივე ჩაწოდება აიღო, თუმცა სულ მალე უკუბრეიკი მიიღო და წონასწორობა აღსდგა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო, ბოლქვაძემ ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
„ჩვენებურმა“ მეორე სეტი მთლიანად ჩააგდო. მარიამმა ვერცერთი თავისი ჩაწოდება ვერ მოიგო. მხოლოდ ერთხელ შეასრულა ბრეიკი და 1:6 წააგო. მესამე სეტი იმედიანად დაიწყო. ბოლქვაძე ბრეიკით 2:0-ს იგებდა, თუმცა ამის შემდეგ ექვსივე გეიმი წააგო და საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.