კანი: ლევანდოვსკის 1 წელი კიდევ დარჩა, მას შეკრების პირველ დღეს გუნდში ველით
მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკის არსად გაშვებას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლონელს „ბარსელონაში“ თამაში სურს.
„ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და ჩვენ მას წინასასეზონო მოსამზადებელი შეკრების პირველ დღეს გუნდში ველოდებით. მოუთმენლად ველი, თუ როდის ვნახავ მას.
სიტუაცია არ შეცვლილა. რობერტს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და მოხარული ვიქნებით, როცა ის ვარჯიშის პირველ დღეს შემოგვიერთდება“,
- ციტირებს კანის სიტყვებს „ბაიერნის“ პრესსამსახური.
ლევანდოვსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის „რეკორდმაისტერის“ მაისურით თამაშს აღარ აპირებს. ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ პოლონელი მხოლოდ „ბარსელონას“ ვარიანტს განიხილავს და სხვა კლუბებისგან შეთავაზებებს არც განიხილავს.
კანმა მანეზეც ისაუბრა
სადიო მანე უკვე მიუნხენშია, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. სენეგალელის შესახებ კანმა მოკლე კომენტარი გააკეთა:
„ჩვენ მოვახერხეთ მსოფლიო დონის ფეხბურთელის გუნდში მოყვანა. ის არის ძალიან მოქნილი, ძალიან სწრაფი და უკიდურესად საშიში კარის წინ.
ის აბსოლუტურად პროფესიონალია, თავიდანვე მომეწონა. მას ტიტულების მოგება სურს და სწორ კლუბში მოხვდა“,
- ამბობს კანი.