Top 15 ფეხბურთელი, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა
2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა კიდევ უფრო ხურდება. მოკლე დროში გულშემატკივარმა რამდენიმე სუპერ-ტრანსფერიც იხილა, მაგალითად, როგორიცაა სადიო მანეს ლივერპულიდან მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი, ან ჰალანდის დორტმუნდის „ბორუსიადან“ „მანჩესტერ სიტიში“, თუმცა გულშემატკივრებს წინ კიდევ 2 თვე აქვთ და სავარაუდოდ, არაერთ მნიშვნელოვან გარიგებასაც ვიხილავთ.
„კრისტალსპორტი“ ახლა იმ ფეხბურთელების შესახებ გიამბობთ, რომელთა სატრანსფერო ღირებულებაც 2021 წლის 1 ივლისთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ბუნებრივია, სია საკმაოდ დიდი იქნება, მაგრამ ვეცადეთ ყურადღება იმ ფეხბურთელებზე გაგვემახვილებინა, რომლებიც საზოგადოებისთვის კარგად არიან ცნობილები და ასე თუ ისე, ფეხბურთის ვარსკვლავებად, ან სუპერვარსკვლავებად ითვლებიან.
15. მარკუს რაშფორდი
2021 წლის ივლისის შემდეგ 24 წლის ინგლისელი ფეხბურთელის ღირებულება 29%-ით დაეცა.
ძველი ღირებულება: 85 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 60 მილიონი ევრო
კლება: 25 მილიონი ევრო
14. ჯეიდონ სანჩო
22 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დორტმუნდის ბორუსიადან 85 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა გასული სეზონი სანჩოს ისეთი წარმატებული არ ჰქონია, როგორსაც „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრები ინატრებდნენ. ეს მის სატრანსფერო ღირებულებაშიც აისახა. გასული წლის შემდეგ მისი ფასი 25%-ით ევროთი შემცირდა.
ძველი ღირებულება: 100 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 75 მილიონი ევრო
კლება: 25 მილიონი ევრო
13. ნეიმარი
გასულ სეზონი ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ევროტურნირებზე გუნდი 1/8 ფინალში, მადრიდის „რეალთან“ გამოვარდა, ნეიმარს კი მბაპეს გარდა, უკვე ლეო მესისთანაც უწევდა კონკურენციის გაწევა. ყველა მიზეზის და ასევე მისი ასაკის გათვალისწინებით, ფეხბურთელის ფასი 25%-ით შემცირდა.
ძველი ღირებულება: 100 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 75 მილიონი ევრო
კლება: 25 მილიონი ევრო
12. მარსელ საბიცერი
ავსტრიელი ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნს 2021/22 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდა და მასზე გერმანული კლუბი დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა საბიცერმა ჯერჯერობით „რეკორდმეისტერში“ თავისი ძლიერი თვისებების გამოვლენა ვერ შეძლო. შესაბამისად, შემცირდა მისი სატრანსფერო ღირებულებაც.
ძველი ღირებულება: 42 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 15 მილიონი ევრო
კლება: 27 მილიონი ევრო (64%)
11. ედენ აზარი
ბელგიელი ფეხბურთელის შესახებ საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს, რადგან კლუბში მისი მდგომარება ალბათ ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აზარის სატრანსფერო ფასი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იკლებს, გასულ წელთან შედარებით კი 70%-ით არის შემცირებული.
ძველი ღირებულება: 40 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 12 მილიონი ევრო
კლება: 28 მილიონი ევრო (70%)
10. ენტონი მარსიალი
მარსიალის მანჩესტერული კარიერა ისე არ აეწყო, როგორც ამას ფეხბურთელი მოისურვებდა. გასულ სეზონში 26 წლის ფრანგმა იჯარის წესით „სევილიაში“ გაატარა, ესპანურ კლუბში გადასვლამდე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად გვევლინებოდა. გასულ წელთან შედარებით მისი ფასი 64%-ით შემცირდა.
ძველი ღირებულება: 45 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 16 მილიონი ევრო
კლება: 29 მილიონი ევრო
9. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
ალბათ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი მძიმე პერიოდი გაიარა „ბარსელონამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია, კლუბის მდგომარეობა ფეხბურთელებზეც აისახა, რასაც სახელფასო ლიმიტთან დაკავშირებული პრობლემებიც დაერთო. გასული სეზონი გერმანელი მეკარისთვისაც რთული იყო, რამაც მის სატრანსფერო ღირებულებაზეც იქონია გავლენა.
ძველი ღირებულება: 60 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 30 მილიონი ევრო
კლება: 30 მილიონი ევრო (50%)
8. ტიმო ვერნერი
ლონდონის „ჩელსიში“ მოსვლის შემდეგ ტომას ტუხელი ცენტრფორვარდებს ნაკლებად ენდობა და შეტევის ხაზში ე.წ. „ცრუ ცხრიანად“ კაი ჰავერცს იყენებს. ამის გამო ტიმო ვერნერსაც და რომელუ ლუკაკუსაც ძირითად შემადგენლობაში თამაში იშვიათად უწევდათ. ამის გამო გერმანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 46%-ით შემცირდა.
ძველი ღირებულება: 65 მილიონი
ამჟამინდელი ღირებულება: 35 მილიონი ევრო
კლება: 30 მილიონი ევრო (46%)
7. კაზემირო
ალბათ, ყველას გაგიკვირდებათ ამ სიაში ბრაზილიელი ნახევარმცველის დანახვა. იმის მიუხედავად, რომ გასულ სეზონში კაზემირომ მადრიდის „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2021 წლის 1 ივლისთან შედარებით მისი ღირებულება თითქმის 43%-ით არის შემცირებული.
ძველი ღირებულება: 70 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 40 მილიონი ევრო
კლება: 30 მილიონი ევრო (43%)
6. ლეო მესი
გასულ წელს, ჯერ კიდევ ამ დროს არგენტინელი სუპერვარსკვლავი 80 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, თუმცა 30 ივნისს ის თავისუფალი აგენტი გახდა და პსჟ-ს უფასოდ შეუერთდა. მისი ამჟამინდელი ღირებულება 37,5%-ით არის შემცირებული.
ძველი ღირებულება: 80 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 50 მილიონი ევრო
კლება: 30 მილიონი ევრო (37,5%)
5. ფრენკი დე იონგი
ბარსელონაში არსებულ პრობლემებზე ზემოთ ვილაპარაკეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიდერლანდელ ნახევარმცველის ფაქტობრივად იდენტურ მდგომარეობაშია.
ძველი ღირებულება: 90 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 60 მილიონი ევრო
კლება: 30 მილიონი (33.3%)
4. რომელუ ლუკაკუ
როდესაც ბელგიელი ფეხბურთელი „ინტერიდან“ ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა, მისი ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენდა, „არისტოკრატებში“ კი ტუხელის ნდობას იშვიათად იღებდა. უთამაშებლობის გამო მისი ღირებულება 30%-ით შემცირდა.
ძველი ღირებულება: 100 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 70 მილიონი ევრო
კლება: 30 მილიონი ევრო (30%)
3. ჰარი კეინი
დღეისთვის, ინგლისელი ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცხრიანად ითვლება და მას არც გასული სეზონი ჩაუტარებია ურიგოდ, თუმცა ჰარი კეინის სატრანსფერო ღირებულება 35%-ით არის შემცირებული.
ძველი ღირებულება: 120 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 90 მილიონი ევრო
კლება: 30 მილიონი ევრო (35%)
2. კოკე
30 წლის ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, თუმცა „როხი-ბლანკოსს“ 2021/22 წლების სეზონი აშკარად ჩაუვარდა და ყველა გათამაშება ტიტულის გარეშე დაასრულა. ამის გამო, კოკეს ღირებულებამ იკლო, თანაც 60%-ით, რაც ცოტა გასაკვირიც კია.
ძველი ღირებულება: 60 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 25 მილიონი ევრო
კლება: 35 მილიონი ევრო (60%)
1. მარკუს ლორენტე
ამ სიაში ყველაზე გასაკვირი ალბათ მარკუს ლორენტეს მოხვედრა იყო. იმის მიუხედავად, რომ „ატლეტიკოს“ სახარბიელო სეზონი ნამდვილად არ ჰქონია, სიმეონეს გუნდში ყველაზე გამორჩეული ალბათ 27 წლის ნახევარმცველი იყო. თუმცა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ ბოლო 1 წელში თითქმის 44%-ით დაიწია.
ძველი ღირებულება: 80 მილიონი ევრო
ამჟამინდელი ღირებულება: 45 მილიონი ევრო
კლება: 35 მილიონი ევრო (43,8%)