„ბედნიერი ვარ, რომ მეორე შანსი მომეცა, მე ქამბექების მეფე ვარ“ - ენტონი ჯოშუა
20 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალური კრივის გულშემატკივრები დიდ ორთაბრძოლას იხილავენ.
საუდის არაბეთში, ერთმანეთს WBA, WBO და IBF-ს ვერსიით მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი და ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დაუპირისპირდებიან.
გუშინ, ორთაბრძოლის მასპინძელ ქალაქ ჯედაში მოკრივეებმა მომავალ დაპირისპირებამდე პირველი პრესკონფერენცია გამართეს და ერთმანეთის პირისპირაც წარდგნენ.
პრესკონფერენციაზე ენტონი ჯოშუამ ვერ დამალა, რომ მატჩ-რევანშის ჩანიშვნით ბედნიერია.
რა თქვა ჯოშუამ:
ძალიან მაგარია, რომ მეორე შანსი მომეცა. როდესაც თინეიჯერი ვიყავი, მუდმივად პრობლემები მქონდა, მაგრამ შემდეგ უმაღლესმა ძალებმა მეორე შანსი მომცეს და მოვედი კრივში. როდესაც სპორტულ დარბაზში მივედი, სპორტის ეს სახეობა ორივე ხელით დავიჭირე და დღემდე არ გამიშვია.
თუ ჩემს ისტორიას კარგად იცნობთ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ მე ქამბექების მეფე ვარ. შეიძლება დავეცე, მაგრამ ყოველთვის ავდგები, ვერავინ დამაკავებს, რადგან ყოველთვის ძლიერი სული მაქვს. ყველაზე რთულ დროსაც კი, როდესაც გამოსავალი არ ჩანს, ვიცი, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.
საგულისხმოა, რომ მატჩ-რევანში თავდაპირველად 23 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ენტონი ჯოშუას თხოვნით 1 თვით გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მოკრივემ ახალი მწვრთნელის აყვანის გამო ბრძოლისთვის მოსამზადებლად დამატებითი 30 დღე ითხოვა, რაზეც პრომოუტერებისგან თანხმობა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელ და ბრიტანელ მოკრივეებს შორის პირველი ორთაბრძოლა ალექსანდრ უსიკის გამარჯვებით დასრულდა.