მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი UFC-სთან, ალდოსთან ჩხუბი და ქართველი მებრძოლები - მერაბის ინტერვიუ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი MMA News-ს ესაუბრა. „მანქანამ“ ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მოხარულია, ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ჩხუბის საშუალება რომ მიეცა.

იყო თუ არა მოულოდნელი ალდოსთან ჩხუბის ჩანიშვნა

„სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, ალდოსთან ბრძოლა რომ ჩამინიშნეს და არ ველოდი, რომ ჩემი მომდევნო ჩხუბი ასეთი დიდი ბრძოლა იქნებოდა. მეგონა, რომ მას სატიტულო ბრძოლას მისცემდნენ, მაგრამ UFC-ის მადლობელი ვარ, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე ალდო გახლავთ და მიხარია, მასთან ჩხუბის საშუალება რომ მივიღე. მის გარდა, კორი სანდჰეგენზე და დომინიკ კრუზზე მიდიოდა საუბარი და ძალიან გახარებული ვიყავი, თუმცა შემდეგ კორიმ ტრავმა მიიღო, კრუზს კი სხვა მეტოქე შეურჩიეს და ამან განწყობა გამიფუჭა. ალჯამეინ სტერლინგის სატიტულო ბრძოლის შემდეგ, საქმე არ მქონდა. ვვარჯიშობდი, ფორმის შენარჩუნებას ვცდილობდი, მეტოქეს ვეძებდი და ცოტათი დეპრესიაშიც ჩავვარდი“.

ალდოსთან ბრძოლა

„ალდო შესანიშნავი მებრძოლია. ჟოზე მაღალი დონის სტრაიკერია, კარგად ჭიდაობს და თეიქდაუნებისას თავს ჩინებულად იცავს. ამასთან, მას ბრწყინვალე ჯიუ-ჯიცუ აქვს და ვფიქრობ, რთული ბრძოლა იქნება, თუმცა ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და დარწმუნებული ვარ, ამ ჩხუბით ყველა ისიამოვნებს“.

პროგნოზი

„ჟოზე ალდოს ვეჩხუბები და ეს ნამდვილი სიგიჟეა. რეალურად, ალდო ჩემი მორიგი მეტოქეა, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ UFC-ის ლეგენდის წინააღმდეგ ვიბრძოლებ, რომელიც ყველა კომპონენტში ძალიან, ძალიან ძლიერია. ოქტაგონზე გავალ და ბოლომდე დავიხარჯები. არ ველოდები, რომ მიზანს მარტივად მივაღწევ და თითოეული შეტევისთვის ვიბრძოლებ. თუ თეიქდაუნები არ გამომივიდა, სტრაიკინგს მივმართავ. ვეცდები, რომ დავღალო და ჩემი ჩხუბი ვაჩვენო“.

ახალი კონტრაქტი UFC-სთან

„ჩემს ძველ კონტრაქტში 2 ბრძოლა იყო დარჩენილი და UFC-სთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმე, რომელიც 6 ჩხუბზეა გათვლილი. რამდენიმე წლის წინ, UFC-ში ცუდი სტარტი მქონდა და ძალიან ვნერვიულობდი. ვიმედოვნებდი, რომ UFC-დან არ გამაგდებდნენ და განვაგრძე ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი, ახლა კი აქ ვარ. ეს სრული სიგიჟეა“.

ქართველი მებრძოლები UFC-ში

„ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ UFC-ში ამდენი ნიჭიერი ქართველი მებრძოლი გამოჩნდა. ისინი ჩემი ძმები არიან და მათ გამო, ძალიან გახარებული ვარ. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ნახეთ, რა შეგვიძლია. საქართველოდან ბევრი მაგარი მებრძოლი მოდის და მათი წარმატება მახარებს“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ბრუნდება

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“
Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“