''შეგვიძლია იმ ბრწყინვალებაში დაბრუნება, რომელიც სსრკ-ში გვქონდა''
ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, რუსულ კლუბებთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ივლისამდე მოქმედებდა, გაახანგრძლივა.
ამასთან დაკავშირებით, მოსკოვის ''სპარტაკისა'' და საბჭოთა კავშირის ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა კომენტარი გააკეთა:
''ჩვენ არ გვყავდა ლეგიონერები, მაგრამ დიდებული ფეხბურთი გვქონდა. უცხოელი მოთამაშეების გამოჩენის შემდეგ დაგვავიწყდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები გვყავდა.
კმაყოფილი ქომაგები, ვისაც ფეხბურთი და ფეხბურთელები უყვართ, ტრიბუნებზე დასხდებიან და მატჩებს უყურებენ. ამ შემთხვევაში, ჩვენი საფეხბურთო სკოლები განვითარდებიან. ჩვენ შეგვიძლია დაბრუნება იმ ბრწყინვალებაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა''.
აღსანიშნავია, რომ ფიფას გადაწყვეტილება უკრაინულ კლუბში მოასპარეზე ლეგიონერებსაც ეხებათ, რაც მათ კარიერის გაგრძელებისა და სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალებას აძლევს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიზანი უკრაინული კლუბების დაცვა და რუსეთიდან წასვლის გამარტივებაა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.