კარლოს ტევესი
Aa
Aa

სამწვრთნელო კარიერა დაიწყო - ტევესმა არგენტინული კლუბი ჩაიბარა

რამდენიმე კვირის წინ კარლოს ტევესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ყოფილი შემტევი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებდა. დღეს კი ეს ინფორმაცია დადასტურდა.

ტევესი „როსარიო სენტრალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ცნობისთვის, არგენტინის ჩემპიონატი დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო და „როსარიო სენტრალს“ სახარბიელო შედეგები არ აქვს. ტევესის გუნდი 4 ტურის შემდეგ, 4 ქულით 22-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი სხვადასხვა დროს ისეთი გუნდების ღირსებას იცავდა, როგორებიც „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურინის „იუვენტუსი“ არიან. მეტიც, „ბებერ ქალბატონთან“ ერთად ყოფილმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, თუმცა „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები