რონალდინიო
Aa Aa

„გაიღიმე.. ითამაშე ბედნიერმა და ითამაშე თავისუფლად.." - მე რონალდინიო ვარ

ძვირფასო 8 წლის რონალდინიო..

„ხვალ, როდესაც ფეხბურთიდან სახლში დაბრუნდები უამრავი ხალხი დაგხვდება. ბიძები, შენი ოჯახის მეგობრები და სხვა ადამიანები. მათ უმეტესობას ვერ იცნობ. თავიდან იფიქრებ, რომ წვეულებაზე დაგაგვიანდა.. ყველა იქ არის შენი ძმის რობერტოს 18 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად..

ჩვეულებრივ, როცა ფეხბურთიდან სახლში ბრუნდები, დედა ყოველთვის იცინის ან ხუმრობს..

მაგრამ ამჯერად ის ტიროდა..

შემდეგ რობერტოს დაინახავ, რომელიც ხელს გადაგხვევს და აბაზანაში შეგიყვანს, რათა მარტო იყო. ის ისეთ რამეს გეტყვის, რაც შენთვის რთულად მისაღები იქნება.

„ავარია მოხდა, მამა დაიღუპა“..

თავდაპირველად ვერ გაიგებ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როდის დაბრუნდება მამა? როგორ შეიძლება, რომ ის წასულიყო?..

მამაჩემი იყო ადამიანი, რომელიც გეუბნებოდა, რომ სტადიონზე შემოქმედებითად და თავისუფლად უნდა გეთამაშა. მამა იყო ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად სჯეროდა შენი. როდესაც რობერტო „გრემიოში“ დაიწყებს თამაშს მამას ყველას ეტყვის: „რობერტო ძალიან კარგია, მაგრამ შეხედეთ მის უმცროს ძმას..“

მამა სუპერ გმირი იყო. მთელი კვირის განმავლობაში სამშენებლოზე მუშაობის შემდეგაც კი შაბათ-კვირას „გრემიოს“ სტადიონზე დაცვის სამსახურში მუშაობდა. მას ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვარდა. შენთვის იმ ამბის დაჯერება, რომ მას ვერასდროს ნახავ წარმოუდგენლად რთული იქნება.. რობერტოს სიტყვების დაშვება არ მოგინდება..

იმ მომენტში მწუხარება არ დაგეუფლება. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიაზრებ ყველაფერს. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღიარებ, რომ მამა აღარ დაბრუნდება. ყოველთვის, ფეხბურთის თამაშისას, იგრძნობ, რომ მამა მაინც შენთან არის, გიყურებს და გამხნევებს.. ეს კი ტკივილს ოდნავ შეგიმსუბუქებს..

ფეხბურთის თამაშისას სრულიად თავისუფალი და ბედნიერი იქნები. თითქოს ამ ყველაფრის დროს მუსიკა ჩაგესმის ყურში. ეს გრძნობა იმდენად სასიამოვნო იქნება, რომ სხვებისთვის გაზიარება მოგინდება.

იღბლიანი ხარ, რადგან რობერტო გყავს. მიუხედავად იმისა, რომ ის შენზე 10 წლით დიდია და უკვე „გრემიოში“ თამაშობს, მაინც სულ შენს გვერდით იქნება. ის ძმობის გარდა, მამის მაგივრობასაც გაგიწევს და შენი მთავარი გმირი სწორედ რობერტო გახდება..

მოგინდება, რომ რობერტოსნაირად ითამაშო და ზოგადად მისნაირი იყო. ყოველ დილით გრემიოში გაემგზავრებით. შენ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებ, ის კი პირველში. გასახდელში შენს უფროს ძმასთან ერთად შეხვალ ხოლმე და იქ ფეხბურთის ვარსკვლავები დაგხვდებიან. ღამე, როდესაც დასაძინებლად დაწვებით, იფიქრებ, რომ ოთახს საკუთარ იდეალს უზიარებ.

საძინებელში არანაირი პოსტერი არ იქნება. მხოლოდ პატარა ტელევიზორი გექნება. ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან უბრალოდ დრო არ გექნებათ, რომ ერთად ფეხბურთის მატჩებს უყუროთ. როდესაც რობერტოს გასვლითი თამაშები არ ექნება, ის თავისუფალ დროს შენ დაგითმობს და მაქსიმალურად ბევრს გავარჯიშებს.

ცხოვრება პორტო ალეგრიში მოგიწევს, სადაც კრიმინალური ბანდები, ნარკოტიკები და ასეთი რაღაცები დაგხვდება. რთული იქნება, მაგრამ ქუჩაში ძაღლთან ერთად ივლი და ასე თავს დაცულად იგრძნობ.

არ მოგესმა, დიახ შენი ძაღლი! ის დაუღალავი მცველია.

ფეხბურთს, რა თქმა უნდა შენს ძმასთან ერთად ითამაშებ, მაგრამ თავისუფალ დროს ამას ბავშვებთან ერთადაც გააკეთებ და ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს, მაგრამ შენთვის საკმარისი არ იქნება. შენი ძაღლი კი იდეალური გამოსავალია - ერთად ირბენთ, ის აგყვება.. ბრაზილიელ ძაღლებსაც კი უყვართ ფეხბურთი. ასე კი დრიბლინგს განავითარებ..

წლების შემდეგ, როდესაც დიდ ფეხბურთს ითამაშებ, რამდენიმე მცველი შენს ძაღლს „ბომბომს“ მოგაგონებს.

განსხვავებული ბავშვობა გექნება. 13 წლის ასაკში შენზე ბევრს ილაპარაკებენ. ხაზს გაუსვამენ შენს უნარებს და იმას, თუ რისი გაკეთება შეგეძლება ბურთით. არადა ამ დროს ფეხბურთი შენთვის უბრალო თამაში იქნება, თუმცა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაგანახებს, რომ ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალო თამაში.

1994 წლის 17 ივლისი არის დღე, რომელიც ყველა ბრაზილიელს ემახსოვრება. „გრემიოს“ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ბელო ჰორიზონტეში გაემგზავრები. მუნდიალის ფინალს კი ტელევიზორში უყურებ. იცი? მთელი ქვეყანა გაჩერდება..

ბელო ჰორიზონტეში ყველგან ბრაზილიის დროშები იქნება. იმ დღეს მხოლოდ ყვითელი და მწვანე ფერები გამოჩნდება. ქალაქის ყველა წერტილში ტელევიზორი იქნება ჩართული და ხალხის მასა უკონტროლო გახდება.

შენ კი ფინალს თანაგუნდელებთან უყურებ. ძირითადი დრო 0:0 დასრულდება და დამატებითი ტაიმები დაინიშნება. საბოლოოდ, გამარჯვებულის ბედს პენალტების სერია გაარკვევს. იტალია პირველ პენალტს გააფუჭებს. იმავეს გააკეთებს ბრაზილიაც.. შემდეგ იტალია გაიტანს და ბურთთან რომარიო მივა. მისი დარტყმული ძელს მოხვდება და ისე გაეხვევა კარის ბადეში. ნაკრების წევრები ყვირიან და მხიარულობენ.

იტალია ისევ გაიტანს და სიჩუმე დაისადგურებს.

ბრანკო გაიტანს, ტაფარელი თერთმეტმეტრიანს მოიგერიებს, დუნგა გაიტანს.. შემდეგ მომენტი, რომელიც არამხოლოდ შენს, არამედ მილიონობით ბრაზილიელის ცხოვრებას შეცვლის.

პენალტის ნიშნულთან რობერტო ბაჯო მივა და ვერ გაიტანს..

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონია..

გიჟური ზეიმის დროს, შენთვის ნათელი გახდება, თუ რა გინდა აკეთო მთელი ცხოვრების განმავლობაში. შენ საბოლოოდ გააცნობიერებ რას ნიშნავს ფეხბურთი ბრაზილიელებისთვის. შენ იგრძნობ ამ სპორტის ძალას. რაც მთავარია, შენ დაინახავ იმ ბედნიერებას, რომელიც ფეხბურთმა შესაძლოა უბრალო ადამიანს მოუტანოს.

„მე ბრაზილიის ნაკრებში უნდა ვითამაშო“ - ჩუმად ეტყვი შენს თავს.

ყველა არ აპირებს შენს დაჯერებას.. მითუმეტეს, როგორ სტილში თამაშობ ფეხბურთს..

შენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან მწვრთნელები, რომლებიც გეტყვიან, რომ ფეხბურთს არასწორად თამაშობ. იფიქრებენ, რომ უფრო სერიოზული უნდა იყო. ერთ დღეს, გეტყვიან, რომ ამდენი დრიბლინგის ფონზე ვერასდროს გახდები პროფესიონალი ფეხბურთელი.

ეს სიტყვები გამოიყენე, როგორც მოტივაცია. გამოიყენე ისინი შენი კონცენტრირების შესანარჩუნებლად. შემდეგ იფიქრე იმ მოთამაშეებზე, რომლებმაც ლამაზად ითამაშეს. დენერი, მარადონა, პელე..

გაიხსენე რა თქვა მამამ.. ითამაშე თავისუფლად და ლაღად.. ეს არის ის, რასაც ბევრი მწვრთნელი ვერ გაიგებს. ყველაფერი ბუნებრივად მოვა, ფეხები თავისით მიიღებენ გადაწყვეტილებას. კრეატიულობა ძალიან შორს წაგიყვანს..

ბრაზილიის ტრიუმფიდან რამდენიმე თვის შემდეგ, შენი მწვრთნელი ცალკე სასაუბროდ წაგიყვანს. ის გეტყვის, რომ შენ ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრებში გამოგიძახეს.. როცა კაფეტერიაში შეხვალ, იქ დაინახავ ლეგენდების სურათებს.. პელე, ზიკო, ბებეტო..

შენ იმავე დარბაზში ისაუზმებ, სადაც ეს ლეგენდები საუზმობდნენ. როდესაც დასაძინებლად დაწვები, დაფიქრდები, თუ რომელ ლეგენდას ეძინა ადრე შენს ადგილზე. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ფეხბურთის თამაშის გარდა არაფერს გააკეთებ. შენს ცხოვრებას ფაქტობრივად ავტობუსში, თვითმფრინავში და სტადიონზე გაატარებ. 1995 წლიდან 2003 წლამდე თითქმის არასდროს შეისვენებ. ეს ყველაფერი ძალიან ინტენსიური იქნები..

18 წლის ასაკში ისეთ რამეს მიაღწევ, რითიც მამა აუცილებლად იამაყებდა. „გრემიოს“ პირველ გუნდში დებიუტი გექნება. ერთადერთი სამწუხარო ის იქნება, რომ რობერტო თამაშს ვერ დაესწრება. შენი ძმა იმ დროს სათამაშოდ შვეიცარიაში იქნება წასული. შენ ვერ შეძლებ მის წინაშე თამაშს, მაგრამ რობერტოსთან ერთად იმდენი დრო გაატარე, რომ 100%-ით ზუსტად გეცოდინება რა უნდა გააკეთო მინდორზე.

მატჩის დღეს იმ ადგილზე გაივლი, სადაც მამა დაცვის სამსახურში მუშაობდა. შეხვალ იმ გასახდელში, სადაც რობერტოს შეყავდი. შენ ჩაიცვამ „გრემიოს“ შავ-ლურჯ მაისურს. იმ მომენტში შენ იფიქრებ, რომ ცხოვრება ამაზე უკეთესი ვერ იქნება. მაგრამ ეს შენი ისტორიის დასასრული არ არის..

მომავალ წელს, ბრაზილიის მთავარ ნაკრებში გექნება დებიუტი. სასაცილო ფაქტი მოხდება. შეკრებაზე 1 დღით გვიან მიხვალ, რადგან „გრემიოს“ საფინალო დაპირისპირება „ინტერნაციონალის“ წინააღმდეგ ექნება.

იმ დროს, „ინტერნაციონალში“ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დუნგა თამაშობდა. ამ მატჩში თავს ძალიან კარგად წარმოაჩენ. ნაკრებში პირველ ვარჯიშზე კი ის ლეგენდები, რომლებმაც 94 წლის მუნდიალი მოიგეს ისაუბრებენ ბიჭზე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და 10 ნომერს ატარებს.

ის ბიჭი შენ იქნები..

ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ მოატყუე ბრწყინვალე დრიბლინგით დუნგა. ამის ფონზე ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნები. ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. ასეთ დონეზე ასვლის გამო ხალხს შენგან დიდი მოლოდინი გაუჩნდება.

გააგრძელებ შენს სტილში თამაშს?

მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემ: ითამაშე ისე, როგორც იცი. მოუსმინე მუსიკას და ისიამოვნე. ეს არის შენი ცხოვრების ერთადერთი გზა.

ეროვნულ ნაკრებში თამაში შენს ცხოვრებას შეცვლის. უეცრად, კარები, რომელიც გეგონა, რომ შენთვის არასდროს გაიღებოდა, გაიღება!

შენ დაიწყებ ევროპაში თამაშზე ფიქრს, სადაც შენი არაერთი კუმირი გაემგზავრა. რონალდო „ბარსელონაში“ გატარებულ პერიოდზე მოგიყვება. შენ იხილავ მის მოგებულ თასებს და ოქროს ბურთს. მოგინდება, რომ ისტორია თავად დაწერო. დაიწყებ ოცნებას და 2001 წელს „პარი სენ ჟერმენში“ გადახვალ.

ახლა ვფიქრობ, როგორ ვუთხრა ბავშვს, რომელიც ფაველაში ხის სახლში დაიბადა, როგორი ცხოვრება ექნება ევროპაში? ეს შეუძლებელია.. რომც გითხრა მაინც ვერ გაიგებ.. პსჟ, შემდეგ „ბარსელონა“ და „მილანი“.. დრო საოცრად სწრაფად გავა. იცი? ჟურნალისტები ვერ გაიგებენ, თუ რატომ იღიმები მუდმივად.

შენ იმიტომ იღიმები, რომ ფეხბურთი სახალისოა. რატომ უნდა იყო სერიოზული? შენი მიზანი სიხარულის გავრცელებაა. კიდევ ერთხელ გეტყვი - იყავი კრეატიული!

იყავი თავისუფალი და მსოფლიო ჩემპიონი გახდები!

იყავი თავისუფალი და შენ ჩემპიონთა ლიგას, ლა ლიგას და სერია ა-ს მოიგებ!

იყავი თავისუფალი და ოქროს ბურთს მოიგებ!

ყველაზე მეტად იცი რითი იამაყებ? შენი თამაშით „ბარსელონას“ საფეხბურთო ფილოსოფია შეიცვლება. როდესაც ესპანეთში ჩახვალ, „რეალი“ ესპანური ფეხბურთის ძალა იქნება. მაგრამ, როდესაც „ბარსელონადან“ წახვალ, ბავშვები მხოლოდ მანდ თამაშზე იოცნებებენ. აი ასეთ ისტორიას დაწერ!

„ბარსელონაში“ შენ გაიგებ პატარა ბავშვის შესახებ, რომელიც შენსავით 10-ნომრიან მაისურს ატარებს და შენსავით თავისუფლად თამაშობს. მას მთელი გუნდი გაფაციცებით დააკვირდება. დარწმუნდები, რომ ის გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ფეხბურთელი. ბავშვი განსხვავებულია - მას ლიონელ მესი ჰქვია..

კლუბში იმხელა ავტორიტეტი გექნება, რომ მესის პირველ გუნდში გადმოყვანას მოითხოვ. ლეოზე მთავარ გუნდში დაწინაურების შემდეგ ისე ისაუბრებენ, როგორც შენზე ლაპარაკობდნენ ბრაზილიის ნაკრებში.

მინდა, რომ ლიონელს ერთი რჩევა მისცე..

„ითამაშე ბედნიერმა, ითამაშე თავისუფლად, უბრალოდ ითამაშე ბურთთან..“

მაშინაც კი, როცა გუნდიდან წახვალ, შენი თავისუფალი სტილი მესის მეშვეობით იარსებებს..

შენს ცხოვრებაში ბევრი კარგი და ცუდი მოხდება, მაგრამ გახსოვდეს, შენ ყოველთვის ვალში იქნები ფეხბურთთან. როდესაც ხალხი შენს სათამაშო სტილს ეჭვ ქვეშ დააყენებს, როდესაც ხალხი ვერ გაიგებს რატომ იღიმი წაგებული მატჩის შემდეგ, მინდა ერთ მოგონებაზე დაფიქრდე..

როდესაც მამა დედამიწას დატოვებს, მასზე არანაირი ვიდეო მოგონება არ გექნება, რადგან შენს ოჯახს იმის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ კამერა ეყიდა. ვეღარასდროს გაიგებ მამის ხმას ან სიცილს..

მიუხედავად ამისა, შენ მაინც გექნება ერთი ნივთი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თან ატარებ. ეს არის სურათი, სადაც შენ და მამა ფეხბურთს ერთად თამაშობთ. ბედნიერები ხართ.. ბურთი ფეხებთან გაქვთ და მამა შენი ყურებით აღფრთოვანებულია..

როდესაც შენს ცხოვრებაში ფული და ზეწოლა გაჩნდება - დარჩი თავისუფალი..

ითამაშე ისე, როგორც მამამ გირჩია..

ითამაშე ბურთით..“ - მე რონალდინიო ვარ

გაზიარება: