ესპანეთის პოლიციამ კორუფციასა და გარიგებულ თამაშებში მონაწილეობისთვის 10 ადამიანი დააკავა
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი სკანდალში გაეხვა. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის პოლიციამ დააკავა კრიმინალური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც RFEF-ს ეგიდით გამართულ მატჩებში და ასევე გიბრალტარის ეროვნულ ლიგაში გარიგებულ თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას.
სააგენტო Marca-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის ოთხ პროვინციაში, კერძოდ ბადახოსში, სევილიაში, კადისსა და ალმერიაში 10 ადამიანი დააკავეს, რომელთაც ბრალად კორუფცია და გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა ედებათ.
საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაცია 2021 წლის მაისიდან მოქმედებდა და ის აზარტული თამაშების რეგულირების გენერალურმა დირექტორატმა, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ერთ-ერთ მატჩზე აღმოაჩინა, როდესაც ფსონების საეჭვო რაოდენობა და მიმართულება დაფიქსირდა.
უწყებაში დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ და არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.