ფიფას გადაწყვეტილება - კონტრაქტის შეჩერება 2023 წლის ივნისამდეა შესაძლებელი
ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, რუსულ კლუბებთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ივლისამდე მოქმედებდა, გაახანგრძლივა.
„უცხოელი მწვრთნელები და ფეხბურთელები იღებენ უფლებას, რომ შრომითი ხელშეკრულებები 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ. ფიფას მრჩეველთა ბიურომ გადაწყვიტა, რომ დანერგილი წესის ვადის გახანგრძლივება მოხდეს, რათა უკრაინაში განვითარებული მდგომარეობისგან დაზარალებული მოთამაშეებს, კლუბებსა და მწვრთნელებს დაეხმაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ფიფას გადაწყვეტილება უკრაინულ კლუბში მოასპარეზე ლეგიონერებსაც ეხებათ, რაც მათ კარიერის გაგრძელებისა და სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალებას აძლევს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიზანი უკრაინული კლუბების დაცვა და რუსეთიდან წასვლის გამარტივებაა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.