შესაძლოა, პერტიამ პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდი გაწვრთნას
ლატვიური ''ლიეპაიას'' მთავარ მწვრთნელად ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია დაინიშნა, რომელიც აღნიშნულ კლუბს 2016-18 წლებში წვრთნიდა.
2022-23 წლების სეზონში ''ლიეპაია'' UEFA-ს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პერტიას გუნდის მეტოქე კოსოვოს წარმომადგენელი ''გილიანია''.
საინტერესოა, რომ ლატვიელი ბიზნესმენი რალფ ოსვალდ იზენეგერსი პოლონური კლუბების შეძენაზე მუშაობს. გასულ სეზონში, მას კრაკოვის ''ვისლას'' შეძენა სურდა, თუმცა კლუბი ექსტრაკლასადან გავარდა. ამ ეტაპზე იზენეგერსი მოლაპარაკებას ორ პოლონურ კლუბთან აწარმოებს. ლატვიური მედიის ცნობით, თუ იზენეგერსი ექსტრაკლასას ერთ-ერთ კლუბთან შეთანხმებას მიაღწევს, მთავარ მწვრთნელად თამაზ პერტია დაინიშნება. აღნიშნული გუნდები გასულ სეზონში ექსტრაკლასაში საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდნენ.
პერტიას მოქმედ კლუბთან, ''ლიეპაიასთან'' იმ ტიპის შეთანხმება აქვს, რომ კლუბი ექსტრაკლასაში გადასვლაში, კარიერულ პროგრესში ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, პერტიას მხოლოდ ლატვიურ კლუბებში უმუშავია, შემდეგ კლუბებს წვრთნიდა: ''დინაბურგი'' (2009), ''დაუგავპილსი'' (2010-11), რიგის ''ოლიმპსი'' (2011), რიგის ''სკონტო'' (2012-16), ''ლიეპაია'' (2016-18), ''ვალმიერა'' (2019-22).