ფეხბურთის 11 ვარსკვლავი, რომლებიც დღეს თავისუფალი აგენტები არიან
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გააქტიურებასთან ერთად ბევრი თავისუფალი აგენტიც გამოჩნდა. „კრისტალსპორტი“ შემოგთავაზებთ ტოპ 11 საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც ჯერჯერობით უკლუბოდაა. თავდაპირველად გეტყვით მათ შესახებ, რომლის ბედიც ოფიციალურად არის გადაწყვეტილი. ესენია: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც უახლოეს დღეებში „მილანთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ასევე ანდრეას კრისტენსენი და ფრენკ კესი, რომლებიც მალე „ბარსელონას“ შეუერთდებიან. ალესიო რომანიოლი, რომელიც კარიერას „ლაციოში“ გააგრძელებს. მეკარე ანდრე ონანა, რომელიც დღედღეზე „ინტერს“ შეუერთდება და დივოკ ორიგი, რომელიც მომავალი სეზონიდან „მილანისთვის“ შეუტევს.
ახლა კი გადავიდეთ იმ ფეხბურთელებზე, რომელთა მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. რა თქმა უნდა მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ჩვენ მსოფლიო ვარკსვლავად წოდებულ თერთმეტეულს შემოგთავაზებთ.
1. პოლ პოგბა
ფრანგმა ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2021/22 წლების სეზონის ბოლოს დატოვა. პოგბა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თავისუფალი აგენტია. გავრცელებული ხმების თანახმად, მისი გადაბირებით მადრიდის „რეალი“ და პსჟ არიან დაინტერესებულები, თუმცა ბოლო ამბებს თუ დავუჯერებთ, 29 წლის ფეხბურთელის დამატებასთან ყველაზე ახლოს ტურინის „იუვენტუსია“. სხვადასხვა საფეხბურთო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პოგბასთვის ყველაზე ხელსაყრელი ახლა ტურინულ გუნდში დაბრუნება იქნება.
2. პაულო დიბალა
კიდევ ერთი არანაკლებ ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდა, პაულო დიბალაა. „იუვენტუსის“ დატოვების დღიდან მას უამრავი მსურველი გამოუჩნდა, თუმცა, მისი მაღალი მოთხოვნების გამო კანდიდატთა სია საგრძნობლად შევიწროვდა. ამჟამად, მისი დამატების მთავარი პრეტენდენტი „ინტერია“. რამდენიმე ავტორიტეტული სააგენტოს ინფორმაციით, მხარეები წინასწარ ხელშეკრულებაზეც შეთანხმდნენ. იმის მიუხედავად, რომ არგენტინელ ფეხბურთელს მრავალი მსურველი ჰყავდა, როგორც ჩანს დიბალამ „იუვენტუსის“ ერთ-ერთ მთავარი კონკურენტის რიგებში გადაწყვიტა გადასვლა.
3. უსმან დემბელე
შეიძლება ითქვას, რომ დემბელე „ბარსელონასთვის“ სასარგებლო და ამავდროულად, საკმაოდ პრობლემური ფეხბურთელია. დაახლოებით 6 თვეა ფრანგ ფეხბურთელს ვერ გადაუწყვეტია მიდის, თუ რჩება. ახლა, ფეხბურთელი ყველაზე ახლოს არის „ბლაუგრანას“ დატოვებასთან. დემბელეს მიმართ ინტერესი ბევრ კლუბს მიაწერეს, მათ შორის მიუნხენის „ბაიერნსაც“, თუმცა ეს ვარიანტი ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ნაგელსმანის გუნდმა რამდენიმე დღის წინ სადიო მანეს ტრანსფერი ფაქტობრივად დახურა. 25 წლის შემტევისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი პსჟ არის, ამის გარდა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემბელეს დამატებას ლონდონის „ჩელსიც“ ცდილობს. თუმცა, ამავდროულად არ არის გამორიცხული, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა „ბარსელონასთანაც“ გაახანგრძლივოს კონტრაქტი.
4. კრისტიან ერიქსენი
ძალიან სამწუხაროა, რომ გასული წლის ევროპის ჩემპიონატმა დანიელი ფეხბურთელის კარიერას დიდი დარტყმა მიაყენა და ის თითქმის დაასრულდა კიდეც. მაგრამ, ერიქსენმა გულთან დაკავშირებულ პრობლემებს თავი შესანიშნავად გაართვა და მწვანე მინდორს მიმდინარე წლის იანვარში დაუბრუნდა. ბოლო 6 თვის განმავლობაში ის „ბრენფორდში“ თამაშობდა. „ფუტკრებს“ ახლაც სურთ მისი შენარჩუნება და მზად არიან ერიქსენი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ. ფეხბურთელი ამ ვარიანტს განიხილავს, თუმცა არსებობს სხვა კლუბების შემოთავაზებებიც - „ტოტენჰემი“, „ევერტონი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. 30 წლის ნახევარმცველს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ერიქსენი მომავალი სეზონიდან ლონდონურ კლუბში დაბრუნდეს.
5. ჯესი ლინგარდი
ლინგარდი პოგბას მსგავსად სათამაშო დროის სიმცირეს განიცდიდა, რის გამოც „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილმა მშობლიური კლუბი 21-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დატოვა. ჯესი ლინგარდს აქტიურად უკავშირებენ „ვესტ ჰემს“, რომლის შემადგენლობაშიც ფეხბურთელმა უკვე მოასწრო გასულ წელს იჯარის წესით თამაში. ასევე, დაინტერესებული კლუბები არიან „ნიუკასლი“, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „რომა“. შესაბამისად, 29 წლის ფეხბურთელს კარიერის გასაგრძელებლად საკმაოდ ბევრი ვარიანტი აქვს.
6. ანდრეა ბელოტი
„ტორინოს“ კაპიტანი დიდი ხანია გეგმავს კლუბის შეცვლას. საბოლოოდ, იტალიელმა ფეხბურთელმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს 28 წლის ბელოტი კარიერას. წარსულში მისი ყიდვა სერია A-ს არაერთ ტოპ-კლუბს სურდა, თუმცა იტალიელი „ტორინოს“ ერთგული დარჩა. ახლა კი მისით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან „ატალანტა“, „ფიორენტინა“, „მონაკო“, „მონცა“ და სხვები. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელოტი არჩევანს რომელიმე ამ კლუბზე შეაჩერებს.
7. ანხელ დი მარია
დი მარია პსჟ-ს 2015 წელს შეუერთდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პარიზულ კლუბში მისი მოღვაწეობა წარმატებული იყო. მხარეებმა ერთმანეთთან კონტრაქტი რამდენჯერმე გაახანგრძლივეს, თუმცა აწ უკვე დასრულებული სეზონის ბოლოს, კლუბმა არგენტინელ ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება აღარ შესთავაზა. შესაბამისად, 34 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. დი მარიას აქტიურად უკავშირებენ ტურინის „იუვენტუსს“, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა. არგენტინელი ფეხბურთელის დამატებით ბარსელონაც არის დაინტერესებული. როგორც ჩანს, დი მარიას სურს, რომ ფეხბურთის თამაში უმაღლეს დონეზე გააგრძელოს, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს, თუმცა კარიერის გასაგრძელებლად მას ბევრი ვარიანტი არ აქვს.
8. ლუის სუარესი
„ატლეტიკოდან“ წასვლის შემდეგ სუარესის გარშემო ბევრი ჭორი ჩნდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნებაც სურს. ასევე, იყო ინფორმაცია, რომ ურუგვაელ ფორვარდს კარიერის გაგრძელება „ასტონ ვილაში“ შეეძლო, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი ყოფილი თანაგუნდელი, სტივენ ჯერარდია. ამჟამად, მისი დამატების მთავარი პრეტენდენტი „რივერ პლეიტია“. არგენტინულმა კლუბმა სუარესს ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, თუმცა ფეხბურთელმა არაერთხელ თქვა, რომ მისი სურვილი ევროპაში დარჩენაა.
9. ისკო
დიდი ხანია ისკო მადრიდის „რეალის“ საკვანძო მოთამაშე აღარ იყო, თუმცა ამის მიუხედავად ესპანელი ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ ჩქარობდა. საბოლოოდ, ისკო თავისუფალი აგენტი გახდა და ახლა სამომავლო ვარიანტებს მშვიდად განიხილავს. მისი დამატების სურვილი არაერთმა კლუბმა გამოთქვა, მათ შორის არიან „ბეტისი“, „რომა“ და „მილანი“. თუმცა, 30 წლის ნახევარმცველის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს ალბათ „ბეტისია“, რადგან კლუბმა უკვე ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა. ამის მიუხედავად, ისკოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
10. ედისონ კავანი
ურუგვაელმა თავდამსხმელმა აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუს მოსვლის შემდეგ კლუბი უფრო ადრე უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის გასაკეთებლად კავანის დრო არ ეყო, რადგან სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდებოდა. ურუგვაელ ფეხბურთელს კარიერის გასაგრძელებლად საკმარისი ვარიანტი აქვს. 35 წლის ფორვარდის დამატებით დაინტერესებულები არიან „ბოკა ხუნიორსი“, „სევილია“, „ატლეტიკო“, „ვილიარეალი“ და „რეალ სოსიედადი“. არსებობს მექსიკური „ტოლუკას“ ვარიანტიც. შესაძლოა, ედისონ კავანიმ პროფესიონალურ კარიერაში ბოლო კონტრაქტიც კი გააფორმოს, ამის გამო ის ახალ არჩევანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს.
11. გარეთ ბეილი
მადრიდის „რეალში“ გარეთ ბეილის მდგომარეობა ფაქტობრივად ისკოს იდენტური იყო. ამის მიუხედავად, უელსელმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბს“ საკმაოდ ბევრი წარმატებაც მოუტანა. ახლა კი დროა ბეილმა ახალი თავგადასავლები ეძებოს. არსებობს შესაძლებლობა, რომ 32 წლის ფეხბურთელი „კარდიფში“ გადავიდეს, თუმცა უცხოური მედია ამბობს, რომ ბეილს კვლავ ლა ლიგაში დარჩენა სურს. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.