ოფიციალურად: გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელია
„დინამო თბილისს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თბილისურ კლუბს დღეიდან გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას „დინამო“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით ვადით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს.
გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა თამაში. „ლოკომოტივის“ გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის „საბურთალოს“ და „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელიც იყო.
რაც შეეხება ტიტულებს, გიორგი ჭიაბრიშვილი „ზესტაფონთან“ და „საბურთალოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლების სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.