Corriere Dello Sport: "ხვიჩას ნაპოლიში დიდი მემკვიდრეობა ხვდება"
ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ითამაშებს. იტალიური მედია ქართველ ფეხბურთელზე ხშირად წერს. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე გახდა. ავტორიტეტული გამოცემა Corriere Dello Sport საინტერესო სტატიას გვთავაზობს.
რას წერს Corriere Dello Sport?
„საქართველოს ნაკრებში ჩატარებულმა უკანასკნელმა მატჩებმა „ნაპოლის“ გულშემატკივრების ინტერესი უფრო გააღვივა. ნეაპოლში ფიქრობენ, რომ კვარაცხელია და ოლივეირა გუნდის ახალი გმირები იქნებიან. ორივე ფეხბურთელს დიდი მემკვიდრეობა ხვდება. ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა და მას ადაპტაციის გავლისთვის გარკვეული დრო მიეცემა.“
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოლდოვის ნაკრების მწვრთნელი და ნეაპოლური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ბორდინიც საუბრობს:
„საუბარი საინტერესო ნიჭის მქონე ფეხბურთელზე გვაქვს, რომელსაც ახალ ჩემპიონატში და ახალ რეალობაში მოუწევს თავის დამკვიდრება. წესით არაფერი არ უნდა გაუჭირდეს, რადგან „ნაპოლის“ ძალიან თბილი გულშემატკივრები ჰყავს. ისინი ხვიჩას ყველაფერში დაეხმარებიან, მაგრამ მას ადაპტაციისთვის დრო მაინც უნდა მიეცეს. კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია.“