ცხადაძის შემცვლელი ცნობილია - ჭიაბრიშვილი დინამოს გაწვრთნის
Aa
Aa

ცხადაძის შემცვლელი ცნობილია - ჭიაბრიშვილი დინამოს გაწვრთნის

CrystalSport-ის ცნობით თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი გახდება. კლუბი ლევან კორღალიძის კანდიდატურასაც განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ჭიაბრიშვილზე გაკეთდა.

წარსულში ჭიაბრიშვილი ''ზესტაფონს'' (2011-12), ''საბურთალოსა'' (2014-15, 2016-19) და თბილისის ''ლოკომოტივის'' (2020-21) მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ''ზესტაფონმა'' და ''საბურთალომ'' საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს. გარდა ამისა, 2016-17 წლებში ჭიაბრიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტი იყო.

შეგახსენებთ, თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტი კახა ცხადაძემ ოფიციალურად დატოვა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''18 ივნისს, თბილისის ''დინამომ'' მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ''დინამო'' 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

„კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახასი და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება ვუსურვოთ“ - ''დინამოს'' სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.

კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს. აღნიშნულ საკითხზე ''დინამო'' დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 17 ტურის შემდეგ ''დინამო'' 32 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები