"ოთხეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება" - სპალეტის პესიმისტური მოლოდინი
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონში გუნდს მოწინავე ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.
ქომაგები გუნდისგან კვლავ სკუდეტოს მოგებას ელიან და ამაზე ოცნებობენ, ამ დროს სპალეტის პროგნოზი მათთვის „ცივი შხაპივით“ არის.
„ჩვენგან ყველა მოელის, რომ იმავე გზას გავივლით, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ძალიან ძნელია, რადგან გულშემატკივრებს სკუდეტო უნდათ, მაგრამ ეს არ არის ადვილი. ჩვენთვის ოთხეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება, რადგან არ გვექნება 9-ქულიანი ფორა იუვენტუსთან ან დიდი სხვაობა რომასთან და ლაციოსთან. თუ კი შარშანდელივით კარგად ვითამაშეთ, მაშინ საუკეთესოებთან ბრძოლის შანსი გვექნება.
დიდ შედეგებს მივაღწიეთ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიმყოფებოდით დასაწყისიდან დასასრულამდე. იყო მატჩები, სადაც მეტის გაკეთება შეგვეძლო“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ლორენცო ინსინიე „ტორონტოში“ გაუშვა. მოსალოდნელია, რომ მსგავსად დატოვებს გუნდს დრის მერტენსი, რომელიც 30 ივნისიდან თავისუფალი აგენტი ხდება. კითხვის ნიშნებია კალიდუ კულიბალის მომავალთან დაკავშირებითაც. ასევე ბევრი მსურველი ჰყავს ფაბრიან რუისსა და ვიქტორ ოსიმენს.
ჯერჯერობით, „ნაპოლიში“ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ელიან, რომლის ტრანსფერიც დადასტურებულია, თუმცა ქომაგები კლუბის პრეზიდენტისგან ვარსკვლავებსა და შემადგენლობის გაძლიერებას ელიან, ნაცვლად ამისა ნეაპოლიტანებს აშკარად მოთამაშეთა გასხვისების ტენდენცია უფრო აქვთ, ვიდრე ხმაურიანი ტრანსფერების მოლოდინი.