რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა
პსჟ-ს პრეზიდენტი მადრიდის „რეალთან" მატჩის შემდეგ საქციელის გამო სასჯელს გადაურჩა.
ყველაფერი მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის შემდეგ მოხდა, როცა პსჟ-მ „რეალთან“ 1:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
პარიზელთა პრეზიდენტი ბენზემას გოლის გამო აღშფოთებული იყო. Marca-ს ცნობით, ნასერ ალ-ხელაიფიმ სწრაფად დატოვა საჯარიმო და გასახდელისკენ გაემართა, რათა მსაჯებისთვის დენი მაკკელიეს ხელმძღვანელობით პრეტენზია გამოეთქვა. გზად ყატარელმა ბიზნესმენმა იყვირა და იქვე მყოფ საგნებს ფეხს ურტყამდა.
????| Nasser Al Khelaifi came out of the box screaming. He looked for the referees in the changing rooms and the scene was extremely unpleasant. @MovistarPlus
— Madrid Xtra (@MadridXtra) March 9, 2022
თუმცა, საბოლოოდ ალ-ხელაიფიმ მსაჯებისთვის თავისი პოზიციის გამოხატვა ვერ შეძლო. პსჟ-ს პრეზიდენტმა მსაჯის ოთახი ვერ იპოვა და შეცდომით მადრიდის „რეალის“ დელეგატ კარლოს დავილასთან შევიდა. საბოლოოდ, ალ-ხელაიფი დიდი ბრძოლის შედეგად ადგილიდან გაიყვანეს - რამდენიმე ადამიანის ჩარევა გახდა საჭირო, რომ ის ადგილიდან მოეშორებინათ.
El Partidazo de Cope-ის ცნობით, „რეალის“ დელეგატმა სიტუაციის გადაღება სცადა. ამის შემხედვარე ალ-ხელაიფი მიუახლოვდა და ყვიროდა - „მოგკლავ“. პსჟ-ს პრეზიდენტი საკუთარმა დაცვამ გააჩერა.
Marca წერს, რომ ხელაიფისთან ერთად იმჟამინდელი სპორტული დირექტორი ლეონარდოც იმყოფებოდა. მატჩის მთავარი არბიტრის დენი მაკკელიეს რეპორტში წერია, რომ ხელაიფიმ ერთ-ერთი არბიტრის დროშა გატეხა.
საბოლოოდ, უეფამ ლეონარდო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ალ-ხელაიფის მიმართ სანქციები არ დაწესებულა.