„ჩემი და ჩემი მეუღლის ფოტო გამომიგზავნა“ - როგორ დაიწყო პოგბასა და ჟოზე კონფლიქტი
დღეს, Amazon Prime-მა პოლ პოგბაზე გადაღებული ფილმი, Pogmentary გამოაქვეყნა და მასში ბევრ საინტერესო თემაზეა საუბარი. ერთ-ერთი მათგანი ჟოზე მოურინიოსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის წარმოქმნილი დაძაბული ურთიერთობის განმაპირობებელი მიზეზი გახლავთ.
პოგბამ გაიხსენა ინციდენტი, რომლის შემდეგაც, მასსა და პორტუგალიელს შორის ყველაფერი შეიცვალა. 29 წლის ნახევარმცველის თქმით, ვითარება მაშინ გამწვავდა, როცა იგი აშშ-ში იმყოფებოდა და სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.
„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ტრავმა მივიღე. სარეაბილიტაციო პერიოდის მაიამიში გავლა გადავწყვიტე და მანჩესტერი დავტოვე. მაიამიში ყოფნისას ერთ-ერთმა პაპარაციმ მე და ჩემს მეუღლეს ფოტო გადაგვიღო. მოურინიომ ეს ფოტო მინო რაიოლას გაუგზავნა, რაც ძალიან არ მომეწონა. მოუს დავუკავშირდი და ვუთხარი: „სერიოზულად? ტრავმირებული ვარ, მაგრამ აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ დღეში სამჯერ ვივარჯიშო. ვინ გგონია, რომ ვარ? სხვა ფეხბურთელებს არ ვგავარ“.
როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე და პოგბას „მანჩესტერის“ სავარჯიშო ბაზაზე დაპირისპირებაც მოუვიდათ, რომელიც კამერებმა დააფიქსირეს. იწერება, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა პოგბას „ვირუსი“ უწოდა და კლუბის დატოვებამდე კიდევ რამდენჯერმე დაუპირისპირდა.