30 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „სამპდორიამ“ ისტორიაში პირველი და დღემდე ერთადერთი „სკუდეტო“ მოიგო. წარმოიდგინეთ, ამ პერიოდში რამდენი რამ მოხდა, რამდენი რამ შეიცვალა ზოგადად და იმ ადამიანებისთვის, ვინც მაშინ დაბადებული იყო, ზოგი კი საერთოდ ამ მოვლენის შემდეგ დავიბადეთ.
1964 წელი იტალიური ფეხბურთისთვის განსაკუთრებული იყო. ელენიო ერერას „ინტერმა“ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა თასის ფინალში დაამარცხა, „რომამ“ იტალიის თასი „ტორინოსთან“ დრამატული გადათამაშების შემდეგ მოიგო, „ბოლონიამ“ კი ისტორიაში მე-7 „სკუდეტო“ დაიდო მუზეუმში... ქვეყნის ორ სრულიად განსხვავებულ მხარეში დაიბადნენ ბიჭები, რომლებმაც აპენინური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შემტევი დუეტი შექმნეს.
ჩრდილოეთ იტალიის რეგიონ ლომბარდიაში სამყაროს ჯერ ჯანლუკა ვიალი მოევლინა და კრემონას ერთ-ერთ ელიტარულ უბანში, ფუფუნებაში აღიზარდა. დაახლოებით 5 თვეში კი, 400 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთში, პატარა ძველ ქალაქ იესიში, ერთგული კათოლიკების ოჯახს ახალი წევრი, რობერტო მანჩინი შეემატა. ბიჭების სანაცნობო წრე, სოციუმი და აღზრდის სპეციფიკა ძალიან განსხვავდებოდა (ზოგადად, იტალიის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის რომ დიდი სოციალურ-კულტუროლოგიური განსხვავებაა, ყველასთვის ცნობილია). ამის მიუხედავად, ამ ორ სხვადასხვა გარემოში აღზრდილ ბიჭებს აერთიანებდათ ის რაღაც საერთო ნაპერწკალი, რაც მათ გარდა არავის ჰქონდა.
ვიალიმ 9 წლის ასაკიდან ადგილობრივ სამოყვარულო კლუბ „პიციგეტონეში“ ვარჯიში დაიწყო, რისთვისაც ყოველდღიურად 45-წუთიანი მგზავრობა უწევდა. პარალელურად კი ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს მანჩინიც დგამდა. უკვე 6 წლის ასაკიდან პატარა რობი „აურორა იესის“ გამორჩეული მოთამაშე იყო. ვიალისგან განსხვავებით, „მანჩიოს“ ნებისმიერ ასაკში ეტყობოდა, რომ მისი ნიჭი არსად დაიკარგებოდა და იმის მიუხედავად, რომ „მილანი“ ეპატიჟებოდა, 13 წლის ასაკში კარიერა „ბოლონიას“ დაუკავშირა. ამ ფონზე, ლუკას სერია C-ს კლუბ „კრემონეზეს“ ასაკობრივ გუნდში გადასვლა ბევრს არაფერს მოასწავებდა. თანაც, კრემონელები მაშინ სანახევროდ სამოყვარულო დონეზე იყვნენ.
თუმცა, დიდ გუნდში დებიუტი პირველს ჯანლუკას უნდა ჰქონოდა. მან სერია C-ში 16 წლის ასაკში ითამაშა. აქედან დიდი ხანი არც მანჩინის დებიუტამდე გასულა - 1981 წლის 13 სექტემბერს, მე-17 დაბადების დღემდე ორთვე-ნახევრით ადრე, დიდებში რობიმაც ითამაშა. „კალჩოს“ ერთ-ერთმა უდიდესმა ტალანტმა იმედების გამართლება ეგრევე დაიწყო. პირველსავე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 9 გოლი შეაგდო, რამაც გრანდები ააფუსფუსა.
„მანჩიომ“ ამ შემთხვევაშიც ნაკლებად პოპულარული გადაწყვეტილება მიიღო, ბევრი წინადადება დაბლოკა და გადავიდა „სამპდორიაში“, რომელსაც იქამდე ტიტულატურა ცარიელი ჰქონდა. რობიმ „სამპას“ პრეზიდენტის, პაოლო მანტოვანის იდეები გაიზიარა და დაიჯერა, რომ კლუბის ისტორიის საწყისი დიდი ფურცლების დაწერა შეეძლო. ასეც მოხდა...
მომდევნო ორი წლის განმავლობაში „მარასიზე“ ტრევორ ფრანსისი, ლაიამ ბრეიდი და გრემ სუნესი გადავიდნენ. ამ სახელების ფონზე, 19 წლის ჯანლუკა ვიალის ლიგურიულ კლუბში გადაბარგება აბსოლუტურად შეუმჩნეველი იყო.
„კრემონეზეში“ შედეგიანი და ნაყოფიერი კარიერის საწყისი 4 წელი გაატარა, რა პერიოდშიც გუნდი სერია C-დან უმაღლეს ლიგაში აღზევდა (კრემონელებს სერია A-ში 50 წელზე მეტი არ ჰქონდათ ნათამაშები). მანჩინის მსგავსად, იმ სეზონის შემდეგ, როცა ვიალის ლიდერობით, „ვეფხვები“ უმაღლესში დაბრუნდნენ, ლუკასაც არაერთი გრანდი ეპატიჟებოდა, მაგრამ მანტოვანიმ ისიც „დორიას“ პროექტის პერსპექტიულობაში დაარწმუნა. ვიალის „ბლუჩერკიატიში“ გადასვლაში თავისი როლი მანჩინიმაც ითამაშა. ის და ლუკა 21-წლამდელთა ნაკრებში ერთად თამაშობდნენ და რობის პროპაგანდამ გაჭრა.
მანჩინი-ვიალის დუეტის ეფექტურობა და ეფექტიანობა პირველივე სეზონიდან გამოჩნდა. მათი დიდი დამსახურება იყო სერია A-ში დაკავებული მე-4 ადგილი და „დორიას“ ისტორიაში პირველად იტალიის თასის მოგება.
„მილანთან“ ფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩში ორივე გოლი მათ ანგარიშზე იყო - ჯერ მანჩინიმ შეაგდო პენალტიდან, მეორე ტაიმში კი თავი ლუკამაც გამოიჩინა. „როსონერის“ ჰყავდა საკმაოდ ძლიერი დაცვა, რომელსაც ლეგენდარული ფრანკო ბარეზი ლიდერობდა. ამის მიუხედავად, „ბლუჩერკიატიმ“ „შავ-წითლებს“ ორივე თამაში მოუგო - 1:0 და 2:1.
1986-87 წლების სეზონის წინ „მარასი“ სუნესმა და ფრენსისმა დატოვეს, რითაც მანჩინი-ვიალის წყვილის სტატუსი კიდევ უფრო ამაღლდა, გუნდის უმთავრეს დამრტყმელ ძალად იქცა და „გოლის ტყუპები“ შეარქვეს. 1987-88 და 1988-89 წლებში Coppa Italia-ს ზედიზედ მოგების შემდეგ, „სამპამ“ 1990 წელს უკვე პირველი საერთაშორისო ტიტული მოიგო - თასების მფლობელთა თასი. თუმცა, მთავარი წარმატება წინ იყო.
ერთი წლის შემდეგ, 1991 წლის 19 მაისს, გენუის ლურჯი მხარე უკვე „სკუდეტოს“ მოგებას ზეიმობდა. მანჩინის ლიდერის სტატუსი ყველასთვის თვალშისაცემი იყო, ვიალი კი გოლების გატანას არ წყვეტდა და საჩემპიონო სეზონის ბომბარდირიც გახდა - 19 გოლი შეაგდო, რობიმ თავი 12-ჯერ გამოიჩინა (გუნდის მიერ ჯამში გატანილი 57 გოლიდან, 31 რობისა და ლუკას ანგარიშზე იყო).
პირწმინდად ჩაგდებული 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვიალიმ რეაბილიტაცია მოახდინა და დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერის უფლება არავის ჰქონდა. მანჩინისთვის კი 90-ის მუნდიალი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონებაა. მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია, მისი სტატუსის ვარსკვლავისთვის ასეთი რამ მართლაც შეუფერებელი იყო.
ვუიადინ ბოშკოვის გუნდმა სეზონი 9-მატჩიანი წაუგებელი სერიით გახსნა, მე-10 ტურში კი დერბიში „ჯენოასთან“ დამარცხდა, რასაც რთული პერიოდი მოჰყვა - მომდევნო 6 მატჩიდან „სამპამ“ მხოლოდ 1 თამაში მოიგო (სხვათა შორის, „ინტერთან“). შედეგად, გუნდმა პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა. დარჩენილ 17 ტურში კი ბოშკოვის ბიჭები აფეთქდნენ და მუხტი წამითაც არ დაუკარგავთ - 12 მოგება და 5 ფრე (შესაძლო 34-დან 29 ქულა აიღეს). გადამწყვეტი მომენტი „ლეჩესთან“ საშინაო მატჩისას დადგა. იმ „ლეჩესთან“, რომელთანაც პირველ წრეში წააგეს (სულ სეზონში 3 თამაში დათმეს - „ლეჩესთან“, „ტორინოსთან“ და „ჯენოასთან“). „მარასიზე“ შეკრებილ 37 000-მდე ტიფოზს ისტორიაში პირველი ჩემპიონობა უნდა ენახა. ყველაფერი იდეალურად აეწყო - ტონინიო სერეზომ უკვე მე-2 წუთძე შეაგდო, პირველი ნახევარი საათის გასვლის შემდეგ კი ტაბლოზე, მანჩინისა და ვიალის გოლების გამო, უკვე 3:0 ენთო. თანაც, რობიმ და ლუკამ რა გოლები გაიტანეს, ნახეთ:
მანჩინი-ვიალის შესანიშნავი დუეტი პირველ პლანზე იყო, მაგრამ „ბლუჩერკიატის“ ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი პიეტრო ვირხოვოდმა, ჯანლუკა პალიუკამ, ტონინიო სერეზომ, ატილიო ლომბარდომ, სრეჩკო კატანეცმა და სხვებმაც შეიტანეს.
მოკრძალებული გენუური კლუბი იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე იყო: ტიტულები Coppa Italia-ზე და ტრიუმფი თასების მფლობელთა თასზე, რასაც დაუჯერებელი რამ დაემატა - „სკუდეტო“. ეს კი ნიშნავდა, რომ „ბლუჩერკიატის“ მომდევნო სეზონში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე უნდა ეთამაშა.
„ჩვენ ყველა, კლუბზე შეყვარებული ვიყავით, საწოლშიც კი „სამპდორიას“ პიჟამებით მივდიოდით. ბაზაზე ყოფნის ნებისმიერი წუთიც მხოლოდ სიხარულთან და მხიარულებასთან იყო დაკავშირებული. ბოლიასკოს ბაზა საოცარი ადგილია: ერთი მხრივ - ლურჯი ზღვა, მეორე მხრივ - მწვანე გორაკები. შესანიშნავია“, - ეს ლუკას სიტყვებია.
გუნდში არსებულ განსაკუთრებულ ატმოსფეროზე რობისაც არაერთხელ უსაუბრია, აი, ერთ-ერთი: „სამპდორიაში“ 15 წელი დავრჩი. რა თქმა უნდა, ბევრჯერ შემეძლო, „იუვენტუსში“, „მილანში“ ან „ინტერში გადავსულიყავი, მაგრამ ყოველთვის ერთ გადაწყვეტილებას ვიღებდი, რადგან „სამპა“ ჩემი ოჯახი იყო - მფლობელებიდან ფეხბურთელებამდე“.
პირველ ორ ეტაპზე ნორვეგიული „როსენბორგისა“ და უნგრული „ჰონვედის“ დამარცხებით, „დორია“ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მაშინ ლიგაზე ორი საწყისი ეტაპი იყო, რომლის შემდეგაც 8 გუნდი ორ ჯგუფში ნაწილდებოდა და ჯგუფების გამარჯვებულები ფინალში გადიოდნენ. გენუელებმა ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ „რედ სტარ ბელგრადთან“, „ანდერლეხტთან“ და „პანათინაიკოსთან“ ითამაშეს და 3 მოგებით, 2 ფრითა და 1 მარცხით, ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალამდე ვიალიმ ტურნირზე 6 გოლი შეაგდო, „მანჩიომ“ კი - 4, გადამწყვეტი თამაში კი იოჰან კრუიფის „ოცნების გუნდის“ წინააღმდეგ იყო. ლეგენდარული ნიდერლანდელის „ბარსა“ იმ პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ითვლებოდა და ფინალის ფავორიტადაც მიიჩნევდნენ. სხვათა შორის, ლუკას ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ იგი იოჰან კრუიფის სიყვარულით გაიზარდა. ყველაფერი რონალდ კუმანის 112-ე წუთზე გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა და ეს მანჩინი-ვიალის დუეტის ბოლო ერთობლივი მატჩი აღმოჩნდა.
ურთულესი მარცხიდან ორ თვეში ლუკამ ტურინის „იუვენტუსის“ წინადადება მიიღო და პიემონტეს რეგიონში გადაბარგდა. ისე ჩანდა, რომ რობისგან განსხვავებით მას ჩემპიონთა ლიგის მოგების უკეთესი შანსი ექნებოდა და ასეც მოხდა. მას შემდეგ „გოლის ტყუპებს“ ერთად მოედანზე აღარასდროს უთამაშიათ, მაგრამ მათი წყვილი სხვა ფორმით აღდგა.
იტალიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ „მანჩიომ“ ლუკა, რომელიც იმ პერიოდში სიმსივნეს ებრძოდა, „სკუადრა აძურას“ დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზე მიიწვია და სადაც ესენი ერთად არიან, იქ აუცილებლად რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. „რობერტოსთან და სტაფის დანარჩენ წევრებთან ერთად მუშაობა ჩემთვის ამაღელვებელია. იგი კი ამბობს, რომ ვბერდებით, მაგრამ ჩვენ ყველას, ერთობლივად საქმის კეთება ახალგაზრდობას გვინარჩუნებს“, - ამბობდა ლუკა.
2020 წლის 13 აპრილს, ვიალიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ 17-თვიანი ბრძოლის შემდეგ სიმსივნე დაამარცხა. მან და რობიმ „ევრო 2020“-ზე კიდევ ერთხელ გვიჩვენეს, რომ ეს დუეტი განსაკუთრებულია და იტალიური ფეხბურთის ტიფოზებს კიდევ ერთი მაგიური ღამეები აჩუქეს.