საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - ილიას ზუროსის გუნდი მზადებას იწყებს
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - ილიას ზუროსის გუნდი მზადებას იწყებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი 17 ივნისს თბილისში შეიკრიბება, ხოლო საკვალიფიკაციო მატჩებს 1 ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელია, საიდანაც ოფიციალური მატჩებისთვის 12 შეირჩევა. ილიას ზუროსმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ნაკრებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 10 კალათბურთელი გამოიძახეს, 12 მოთამაშე კი ლეგიონერია, რომელთა ნაწილიც ეროვნულ გუნდს მოგვიანებით  შეუერთდება. 

ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ნაკრებს უკრაინასთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება, სანდრო მამუკელაშვილია. “მილუოკი ბაქსის” ფორვარდი ეროვნულ გუნდში იმ მიზეზით ვერ ჩამოდის, რომ თავის კლუბთან ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე თამაშის ვალდებულება გააჩნია. მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრების დასაწყისში, ივლისის ბოლოს შეუერთდება. 

ნბა-ში მოთამაშე ჩვენი ნაკრების მეორე წევრი, გოგა ბითაძე თბილისშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასა და გოგას კლუბ “ინდიანა პეისერსს” შორის ბითაძესთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში გაირკვევა, ნაკრების უახლოესი 3 ღონისძიებიდან (მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ივლისის და აგვისტოს ფანჯრები, ევობასკეტ 2022) ბითაძე რომელ მათგანში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, ახალი რეგულაციებით, ნბა-ს მოთამაშეებს დაუწესდათ დღეების ლიმიტი, რომლის განმავლობაშიც უფლება აქვთ თავიანთ ეროვნულ გუნდებში ითამაშონ. სავარაუდოდ, ბითაძე საქართველოს ნაკრებს ხსენებულ სამივე ღონისძიების მატჩებში დაეხმარება, თუმცა ეს მოლაპარაკების საბოლოოდ დასრულების შემდეგ გადაწყდება.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობს და მისი ჩამოსვლის ზუსტი თარიღიც სერიის დასრულებაზეა დამოკიდებული. ნაკრებს 20 ივნისიდან შეუერთდება ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი, ხოლო ესპანური “ბეტისიდან” ახლახან წამოსული ბექა ბურჯანაძე ეროვნული გუნდის ვარჯიშებში მომავალი სამშაბათიდან ჩაერთვება.

24 ივნისს საქართველოს ნაკრებს უკანახაზელები – რატი ანდრონიკაშვილი და  ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი, თად მაკფადენის შეუერთდებიან.

ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა ნაკრების ვეტერანი და ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენი, გიორგი ცინცაძე, რომელსაც ტრავმის გამო მთელი გასული სეზონი გაუცდა. ცინცაძემ სეზონი სუპერლიგაში, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში  დაიწყო, თუმცა პირველივე ტურნირის მსვლელობისას, 2021 წლის ოქტომბერში მუხლზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. 2 თვეზე მეტია, ცინცაძე აქტიურად ვარჯიშობს და ფორმაში ჩასადგომად ყველაფერს აკეთებს, რათა ეროვნულ გუნდს უახლოეს მატჩებში თუ ვერა, ევრობასკეტზე დაეხმაროს.

ნაკრებში 2 ახალი სახეა – 18 წლის გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილი და სუპერლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი ბომბარდირი – ოთარ ბულიავა. ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და ქართული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, ვახტანგ ნაცვლიშვილის შვილი 18 წლისაა, რომელიც მამის კვალს წარმატებით მიჰყვება. გუგა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობს და საკმაო წარმატებითაც. ის ესპანურ კლუბ კანარიასის წევრია და სწრაფი ტემპით პროგრესირებს. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და სახელიან მოთამაშეებთან ვარჯიში დიდი მოტივაცია იქნება. 

ეროვნული ნაკრები ვარჯიშს სპორტის სასახლეში, 17 ივნისს დაიწყებს და რამდენიმე დღეში ევრობასკეტისთვის აშენებულ ახალ დარბაზში გადავა. ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ნაკრები თბილისში მოემზადება და 29 ივნისს, გამთენიისას ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრება. ცნობილ მიზეზთა გამო, უკრაინა მატჩებს სამშობლოში ვერ ატარებს და ნაკრების ხელმძღვანელობამ საქართველოს სამასპინძლოდ რიგა აირჩია. ამ ქალაქზე არჩევანი, ცხადია, იმის გამო შეჩერდა, რომ უკრაინას ლატვიელი აინარს ბაგაცკისი წვრთნის, რომელიც, სხვათა შორის, წლების მანძილზე საქართველოში, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 მოგებით ლიდერობს. თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული ესპანეთსა და უკრაინას, რომლებსაც შესაბამისად 3 და 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ბოლო ადგილზეა ოთხივე წაგების მქონე ჩრდილოეთ მაკედონია. წინა ფანჯრის გამოტოვებული მატჩი, ბაგაცკისის გუნდს ესპანეთში რომ უნდა ეთამაშა და უკრაინაში ომის დაწყებას დაემთხვა, 7 ივლისს გაიმართება. 

მომზადებულია GBF-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მოდრიჩმა მას უთხრა - „მადლობა სალაჰ, შემდეგ ჯერზე სცადე" - გამეცინა"